ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოკლული გარეული კატის შესახებ სპეციალური დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც მოქალაქეს უჭირავს მოკლული კატა (გარეული ველის კატა) და ტყის ქათამი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება და ფოტოს ავტორს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა სანადირო თოფის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დაილუქა სანადირო თოფი. ჩამოერთვა ორი ცალი ტყის ქათამი და გარეული (ველის) კატა. შედგა შესაბამისი აქტი და ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

იტვირთბა....