ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თანამდებობის პირთა გვარები: დასაქმებული ოჯახის წევრები ადმინისტრაციულ ორგანოებში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“საჯარო სამსახურიდან მოხელეთა უკანონო გათავისუფლებისა და სამსახურში თანამშრომელთა მისაღები კონკურსების დარღვევებით წარმართვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 2012 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დადგა. აღნიშნული პრობლემის არსებობაზე მიუთითებდნენ უზენაესი სასამართლო, სახალხო დამცველი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. ამავე დროს, ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა ატესტაციის და კონკურსების პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა”. – აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.

ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ახალი მოწვევის პარლამენტს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.

acharaguriaaaipkaxetikvemokartliimeretisamcxemcxetarachasamegrelotbilisishidakartli

იტვირთბა....