თბილისში მომხდარ რიტუალური მკვლელობის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდებს:
„ცნობილია, რომ ლუბა ყოჩიაშვილსა და ბრალდებულ ირინა ყოჩიაშვილს, ანუ დედა-შვილს შორის მკვლელობამდე უთანხმოება და დაპირისპირება იყო.
იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც „პრაიმტაიმმა“ მეზობლებისგან მიიღო, დედა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ყოჩიაშვილმა ბექა შენგელია გაიცნო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ლუბა ყოჩიაშვილმა იცოდა, რომ ბექა შენგელიას უჩვეულო დაჯგუფებებთან, იგივე სექტებთან ჰქონდა კავშირი და შვილს მასთან მეგობრობას უშლიდა.
მეზობლების ინფორმაციით, ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი შეყვარებულები იყვნენ. ირმა ყოჩიაშვილი ხშირად მიდიოდა ბექასთან და რჩებოდა კიდეც მასთან. სავარაუდოა, რომ სწორედ ბექასთან ურთიერთობა გახდა იმ დაპირისპირების მიზეზი, რომელიც ლუბასა და ირმა შორის მკვლელობამდე დაიწყო და რომელზეც გამოძიება ოფიციალურ ვერსიაშიც წერს. მოკლულის მეზობლები მკვლელობის სხვა მოტივზეც საუბრობენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ირმა ყოჩიაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, სიმარტოვეს განიცდიდა და როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებოდა. შესაძლებელია, სწორედ ეს გარიყულობისა და უიმედობის შეგრძნება გამხდარიყო კიდეც იმ დანაშაულის მაპროვოცირებელი, რომელიც მან მეგობრებთან ერთად ჩაიდინა.
ბექა შენგელიას კარის მეზობლის მტკიცებით, ირმა ყოჩიაშვილმა თქვა:
„დიდი სიამოვნებით დავაჭერი ის თითები, რომლითაც მცემდა“.
გამოცემა რიტუალურ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა შენგელიას შესახებ წერს:
„ბექა შენგელიას ბინა ვეძინის ქუჩაზე მდებარე იტალიური ეზოს ნახევარსარდაფია. ოთახს ეზოს მხრიდან შესასვლელი კარი და ერთი ფანჯარა აქვს, ისიც ეზოს მხარეს. ბინა პატარა შესასვლელისა და ერთი ოთახისგან შედგება. ბრალდებული ბექა შენგელია აღნიშნულ ბინაში სულ რაღაც სამი კვირის გადასული იყო. სავარაუდოდ, მან ბინა რიტუალური მკვლელობისთვის დაიქირავა.
მას შემდეგ, რაც სამმა მეგობარმა, გამოძიების მიხედვით, ლუბა ყოჩიაშვილი მოკლა, გვამი სახლიდან მთაწმინდაზე გადაიტანეს. მოკლულის მეუღლე სახლში დაბრუნდა, კარი – ღია, ხოლო სახლი ცარიელი დახვდა. ლუბა ყოჩიაშვილი დაკარგულად გამოაცხადეს. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი დედის ძებნის პროცესში აქტიურად იყო ჩართული:
„ლუბას დაკარგვის შესახებ რომ ინფორმაცია გავრცელდა, მოვიდა, უჯრები გადაქექა და თქვა, რომ მწვანე „პლაში“ და „ბასანოჩკები“ ჩაუცვამს და ისე წასულაო. რას მოვიფიქრებდით, თვითონ თუ იყო მკვლელი. კარგად იცოდა, დედამისს რა ჩააცვა“.
„ბექა შენგელიას სახლის დათვალიერებისა და იქ ამოღებული ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით, ახალი მოტივიც გამოიკვეთა – კანიბალიზმი.
პოლიციამ ბექა შენგელიას სახლიდან, მეზობლების ცნობით, სისხლიანი ტაფები და ქვაბები ამოიღო.“
„სულ 34 ნივთმტკიცება გაიტანეს სახლიდან. ტაფები, ქვაბები და ჯამები წაიღეს. თქვეს, რომ გულ-ღვიძლი შეჭამეს. დაუჯერებელია, არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ ოთახში წყლის ნიჟარაც სისხლიანი იყო“, – ამბობს ბექა შენგელიას მეზობელი ნატა.
ვარაუდობდნენ, რომ მოკლულის შიგთავსი ბრალდებულებმა ტუალეტში ჩარეცხეს, თუმცა პოლიციამ ამის დამადასტურებელი ვერანაირი სამხილი ვერ აღმოაჩინა.“
„გავყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას. იმავე საღამოს, ანუ 19 ოქტომბერს დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის #8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამის დაწვის პროცესი კამერით გადაიღეს.“
„უკვე ცნობილია, რომ მთავარი ბრალდებული, ირმა ყოჩიაშვილი მოკლული ლუბა ყოჩიაშვილის ბიოლოგიური შვილი არ იყო. ყოჩიაშვილების ოჯახს დაახლოებით 20 წლის წინათ ტრაგედია დაატყდა თავს, 19 წლის გოგონა ლეიკემიით გარდაეცვალათ და მას შემდეგ ლუბა ყოჩიაშვილმა ჩვილი გოგონა იშვილა, მას სახელად ირმა დაარქვეს.
„ლუბასა და ომარის შვილი უკვე ძალიან ცუდად იყო, იცოდა, რომ კვდებოდა და თავის მშობლებს სთხოვა: რომ მოვკვდები, ბავშვი აიყვანეთ, თქვენნაირი მშობლების ისე დარჩენა არ შეიძლებაო“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა მეზობელმა.“
„მეზობლების თქმით, მოკლული ლუბა ყოჩიაშვილი გოგონას გვერდიდან არ იშორებდა. რაც შეეხება ირმას, ის, მეზობლების თქმით, არავის ემეგობრებოდა არც სკოლაში და არც სამეზობლოში და ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა.“
„გოგონას რადიკალური ცვლილება მე-11 კლასიდან დაიწყო. საინტერესოა დეტალი, რომ ირმა ყოჩიაშვილმა მშობლების მიერ დარქმეული სახელი გადაირქვა და მარიამი დაირქვა. 2 წლის წინათ მშობლების სახლიც დატოვა და როგორც მეზობლები ამბობენ, მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა, თან მუშაობდა. მეზობლების თქმით, უცნაურად იცვამდა და ტატუებსაც იკეთებდა. ამბობენ, რომ ცუდ წრეში მოხვდა. მეზობლების თქმით, გოგონამ იცოდა, რომ ნაშვილები იყო და უკავშირდება თუ არა ეს მის რადიკალურ ცვლილებას, ვერ ადასტურებენ.“
„სანამ მკვლელობა მოხდებოდა, ლუბა ყოჩიაშვილმა თირკმლის ოპერაცია გაიკეთა, წოლითი რეჟიმები დაუნიშნეს. მეზობლების ინფორმაციით, შვილი ხშირად მოდიოდა და დედას უვლიდა:
„მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან აღარ ცხოვრობდა და მათთან კონფლიქტიც ჰქონდა, დედასთან მოდიოდა და უვლიდა“.
ყოჩიაშვილების ერთ-ერთი მეზობელი უმრავლესობისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. მისი თქმით, მარიამი, იგივე ირმა, კეთილი ადამიანი იყო და ის მკვლელად საზოგადოებამ აქცია.
„ერთ დღეს ეზოში ვიჯექი და დავინახე, მარიამს ნაგავი მიჰქონდა ბუნკერში ჩასაყრელად. ამ ბავშვზე ბევრს საუბრობდნენ, უცნაური გახდაო, შეიცვალაო და მეც დავინტერესდი, რომ დავლაპარაკებოდი. ვკითხე, – შენ მარიამი არ ხარ, ჩოგბურთზე რომ დადიოდი-მეთქი? გაუხარდა, რომ ვიცანი და ვიღაც ადამიანურად დაელაპარაკა. ისე გაუხარდა, რომ ვიღაცამ სითბო აგრძნობინა. აქ რომ მოდიოდა, ეზოში მასზე ყველა ცუდად ლაპარაკობდა. კი იყო შეღებილი და უცნაური ფორმით, მაგრამ ეგ არაა მთავარი, ამ ბავშვს ჰქონდა სულიერი სიმარტოვე. ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი და ჩაითრია სექტამ“.
„რაც შეეხება ბექა შენგელიას, მას სოციალურ ქსელში Sailer-ად იცნობენ. საინტერესო დეტალია, რომ ბექა შენგელია მაისში „გია ჯაჯანიძის შოუში“ იყო მიწვეული და სექტანტებზე საუბრობდა. მკვლელობასაც სექტისთვის დამახასიათებელ რიტუალს უკავშირებენ.
ბექა შენგელიას მეზობლების თქმით, მას სასიამოვნო და კულტურულ ახალგაზრდად იცნობდნენ.
„დილით მიდიოდა და საღამოს მოდიოდა ხოლმე. ყოველთვის გამარჯობას ამბობდა და ზრდილობიანი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამის გამკეთებელი თუ იყო, რას ვიფიქრებდით“, – ამბობს ბექა შენგელიას მეზობელი, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.“
„პრაიმტაიმი“