კომპანია “ალგანმა” ძაღლის ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილი, საკუთარი თანამშრომელი დროებით სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ “მეტრონომს” კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, აღადგენენ თუ არა ცხოველის ცემაში ეჭვმიტანილ პირს სამსახურში, ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
შეგახსენებთ, ანა აბაკელიამ ფეისბუკზე 5 ნოემბერს ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, მამაკაცი ჯოხით როგორ უსწორდება მაღაზიის შესასვლელში მყოფ უპატრონო ძაღლს.