ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა“

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღევანდელ შეხვედრაზე თავად განაცხადა. ის ჟურნალისტებს 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშს აცნობს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა. კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო-სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას“, – ნათქვამია ლევან იზორიას მიერ მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის ანგარიშში.

შეგახსენებთ,  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.

იტვირთბა....