აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კლინტონი და ტრამპი: რას ფიქრობენ ექსპერტები – რომელი პრეზიდენტი იქნება მისაღები საქართველოსთვის

„აშშ-ს არჩევნებში ბევრი ისეთი კანდიდატი ნამდვილად არ გვყავს, რომლებიც საქართველოს ასე კარგად იცნობდნენ“

8 ნოემბერს ამერიკის მოქალაქეები 45-ე პრეზიდენტს აირჩევენ. თეთრ სახლში შესასვლელად დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იბრძვიან.

ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდნეტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეფექტური ადმინისტრაცია თეთრ სახლში ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის რღვევის შეჩერებას, რუსული და ისლამისტური აგრესიის აღკვეთას და კიდევ ერთი გლობალური ეკონომიკური კრიზისის არდაშვებას.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იყო. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავარი კითხვა შემდეგია: ვის ანდობს ამერიკის მოსახლეობა თეთრი სახლის მართვას – პირველ პრეზიდენტ ქალს თუ ბიზნესმენს?

ვინ არის დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ იორკში დაიბადა. განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო. პროფესიით ეკონომისტი ტრამპი სწავლის დასრულების შემდეგ, მამამისის, ფრედ ტრამპის ბიზნესს ჩაუდგა სათავაში. 1970-იანი წლებიდან დონალდ ტრამპი წარმატებულად მართავდა ოჯახურ ბიზნესს. მის კომპანიას აშენებული აქვს ცათამბჯენები, სასტუმროები და კაზინოები.

რაც შეეხება დემოკრატ კლინტონს, ის ტრადიციული საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ხელისუფლებასთან ახლოს, ან ხელისუფლებაში გაატარა. 1947 წლის 26 ოქტომბერს დაბადებულ კლინტონს პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს. პრეზიდენტობის კანდიდატი 2009-2013 წლებში აშშ-ს 67-ე სახელმწიფო მდივანი იყო. 2001-2009 წლებში ის სენატორი გახლდათ. აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ჩიკაგოში დაიბადა. ჰილარი კლინტონმა განათლება იელის სამართლის სკოლაში მიიღო.

აქამდე ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებში ჰილარი კლინტონი მუდმივად უსწრებდა კონკურენტს. მაგრამ სხვაობა შემცირდა კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის 28 ოქტომბრის განცხადების შემდეგ.

New York Times-ის და ტელეკომპანია CBS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს 3%-ით უსწრებს. კერძოდ, ჰილარი კლინტონს მხარდაჭერს გამოკითხულთა 45%-მა გამოუცხადა, დონალდ ტრამპს კი 42%-მა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Reuters-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კლინტონი კონკურეტნს 5%-ით უსწრებდა.

ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორ ურთიერთობას აირჩევს თეთრი სახლის ბინადარი რუსეთის ფედერაციასთან.

რა როლი აქვს რუსეთს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორი იქნება ტრამპისა და კლინტონის პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ შეუძლია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. მისი თქმით, ამერიკაში პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, მოქალაქეებს ყურადღება ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან სხვა საკითხზე გადაატანინონ და რუსეთის მტრული სახე შეუქმნან.

“ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამერიკელი ხალხის არჩევანზე? ამერიკა ბანანის ქვეყანა ხომ არ არის? ამერიკა დიდი და ძლიერი სახელმწიფოა. თუ ვცდები, შემისწორეთ”. – აცხადებს პუტინი.

თითქმის მთელი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, რესპუბლიკური პარტიის ნომინანტს დონალდ ტრამპს, რუსეთისა და მისი ლიდერისადმი სიმპათიები არ დაუმალავს.

„მეტრონომთან“ საუბარში „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევათა ფონდის“ ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება. ხარშილაძის თქმით, ოვალური ოფისი თითქმის ყველა ბინადარი ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს ვერავინ შეძლო. სწორედ ამგვარ პერსეპექტივას უწინასწარმეტყველებს ქართველი ექსპერტი რესპუბლიკელების კანდიდატს, დონალდ ტრამპს თუ ის აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.

„ტრამპი ილუზიებშია, სხვათაშორის ამერიკის ადმინისტრაციაში ხშირად ჩვევიათ ხოლმე მსგავის დამოკიდებულება რუსეთთან. ამ შემთხვევაში ტრამპს ეს ილუზიები გადაჭარბებული აქვს. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ადმინისტრაციაში მოსვლისთანავე, ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. როგორც ჩვენ ვცდილობთ ხოლმე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამერიკა სხვა პირობებში მოქმედებს, მისი სტატუსიდან გამომდინარე. ის სუპერსახელმწიფოა, თუმცა არც ერთ პრეზიდენტს 90-ანი წლებიდან მოყოლებული არაფერი არ გამოსვლია. არც კლინტონს, არც ბუშს და არც ობამას. ტრამპიც ეცდება ამას და მისი მცდელობაც ბევრად უფრო დიდი კრახით დასრულდება, ვიდრე მისი წინამორბედების, რადგან მას მაჩოისტური სტილის პოლიტიკა აქვს, რომელიც პუტინისას ჰგავს. ბუნებრივია მათი მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ არ მგონია ისინი ერთ ოთახში კომფორტულად მოთავსდნენ. ჩემი აზრით, თავდაპირველ დათბობას ბევრად უფრო რადიკალური ცვლილებები მოჰყვება. ვფიქრობ, სულ ტყუილად უჭერს მხარს რუსეთი ტრამპს, რადგან თუ ტრამპი აირჩიეს, რუსეთისთვის ბევრად უფრო ცუდად დამთავრდება. ჰილარი უფრო პროგნოზირებადია. ის ალბათ გამონაკლისი იქნება იმიტომ, რომ მას უკვე ჰქონდა მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის. ის იყო სახელმწიფო მდივანი, როდესაც ე.წ გადატვირთვის პოლიტიკა ჰქონდა ამერიკას რუსეთთან. აღსანიშნავია, რომ ჰილარიმ ეს პოლიტიკა ამერიკისთვის ძალიან წარუმატებლად დაასრულა, ამიტომ მას პირადად აქვს  გამოცდილება ამისი. სწორედ ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან დადებითი ნაბიჯები გადადგას რუსეთის მიმართ. ჰილარის უფრო პრაგმატული, სტაბილურად მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის მიმართ. რაც შეეხება ტრამპს, მისი პოლიტიკა თავიდან იქნება ძალიან პოზიტიური, თუმცა შემდეგ ნეგატიურში გადავა“. – აცხადებს ხარშილაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო განცხადებები შემდგომში მათი ქმდებებებისგან განსხვავებულია, ამიტომ პაპასქირს უჭირს საუბარი იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან.

„უნდა ითქვას რომ წინასაარჩევნო საუბარი განსხვავდება იმისგან, რაც შემდეგ ხდება. ძნელი სათქმელია, რომ ტრამპს რუსეთის მიმართ სიმპათიები აქვს. ეგ ტრამპმა ერთხელ თქვა, მეორეჯერ სულ სხვა და მესამედ კიდეც სხვა თქვა. ტრამპი აცხადებს, რომ პუტინმა ობამას აჯობა და სწორედ ამიტომ მიაჩნია რუსეთის პრეზიდენტი მაგარ პოლიტიკოსად. ეს წინასაარჩევნო რიტორიკა არჩევნების შემდეგ კაცმა არ იცის როგორ შეიცვლება. კლინტონი დღეს გაბრაზებულია, რადგან აშკარად ჩანს, რომ პუტინი ტრამპს უჭერს მხარს. ალბათ უფრო სასურველი იქნება ჰილარი კლინტონის გამარჯვება, თუმცა რამდენად რეალური იქნება, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ეს უკვე ძნელი სათქმელია. ტრამპის განცხადება კედლის აშენებასთან დაკავშირებით თუ სხვა განცხადებები, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება. მე ასე მგონია, იმის მიუხედავად, რომ მისი მხარდამჭერი არ ვარ. ტრამპი მხოლოდ იმას აჟღერებს არც მას ჰგონია რომ ამომრჩეველს მოსწონს. ჰილარი კლინტონის მეილების სკანდალი უკვე მოქმედებს. საარჩევნო რუკას რომ გადახედოთ, კლინტონს დაახლოებით 150-კაციანი უპირატესობა ჰქონდა ელექტორთა კოლეჯში ამ რუკის მიხედვით და დღეს კლინტონს მხოლოდ რვახმიანი უპირატოსება აქვს“. – ამბობს პაპასქირი „მეტრონომთან“ საუბარში.

განსხვავებულად აფასებს კლინტონის შანსებს ხარშილაძე. ექსპერტს მიაჩნია, რომ მეილების სკანდალი საბედისწერო გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე და ამის არგუმენტად ტრამპის არანალეკ რეზონანსული სკანდალები მოჰყავს.

„არ მგონია რომ იმეილების სკანდალი გადამწყვეტი იყოს კლინტონისთვის. რა თქმა უნდა, ეს სკანდალები ამომრჩევლის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, მაგრამ სკანდალები თუ უნდა მოვიკითხით, ტრამპს იმდენი სკანდალები ჰქონდა დათვლაც კი რთულია. გადასახადებიდან დაწყებული, სექსუალური ძალადობით დამთავრებული. იმეილების საქმე თავის არსით ისეთი დამანგრეველი არ არის, როგორც გადასახადების არგადახდა, ან ქალზე სექსუალური ძალადობის მცდელობა. ტრამპს მოგების შანსები აქვს, მაგრამ მაინც ჰილარის შანსები უკეთესად გამოიყურება. რეიტინგის გათანაბრება არ არის მეილების სკანდალთან დაკავშირებული. იმეილების საქმემდე ტრამპის სექსუალური სანდალები გასაჯაროვდა და ჰილარის რეიტინგი უცება ავარდა და ახლა დაიწია კლინტონის რეიტინგმა. მე ვიტყოდი დასტაბილურდა დემოკრატების კანდიდატის რეიტინი“. – ამბობს ხარშილაძე.

კითხვაზე რომელი კანდიდატი უფრო მისაღები იქნება საქართველოსთვის, ხარშილაძე ასე პასუხობს: „ძალიან რთულია ამის თქმა. ჩვენთვის ჰილარი ჩემი ღრმა რწმენით, ბევრად სჯობს ტრამპს. ჰილარი იცნობს რეგიონს, საქართველოს. ის ჩვენს ქვეყანაში ორჯერ არის ნამყოფი როგორც სახელმწიფო მდივანი. ის კარგად იცნობს რუსეთს და ჩვენს რეგიონში მიმადინარე პროცესებს. აშშ-ს არჩევნებში ბევრი ისეთი კანდიდატი ნამდვილად არ გვყავს, რომლებიც საქართველოს ასე კარგად იცნობდნენ. კლინტონმა საკმაოდ პოზიტიური როლი ითამაშა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დემოკრატიულ ტრანზაქციაში. ასე რომ, ჩემი აზრით, ჰილარი ბევრად ჯობს დონალდ ტრამპს. რაც შეეხება ტრამპს, მასზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ეს ადამიანი არის ძალიან არაპროგნოზირებადი.“ – აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....