ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დედა თავს არ მოიკლავდა”: რას ყვება თურქეთში დაღუპული ქალბატონის შვილი

„დედას თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა და ის თავს არ მოიკლავდა“, – ამის შესახებ „კვირას“ სტამბოლში დაღუპული მზია დუნდუას შვილმა, პავლე ფოფხაძემ განუცხადა.

75541_385858601501431_78943921_n-225x300

როგორც მან „კვირას“ განუცხადა, იგი დედას სამი დღის წინ ესაუბრა და დედის დიასახლისთან კონფლიქტის შესახებ არაფერი იცის. სავარაუდოდ, მზია დუნდუა შვილს ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. პავლე ფოფხაძე ამბობს, რომ დედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მან დღეს ინტერნეტის საშუალებით, სოციალური ქსელით შეიტყო.
„დედას 3-4 დღის წინ ვესაუბრე. კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს. დედაჩემი თავს არ მოიკლავდა. მას აქ ჩვენ ვყავდით, მეუღლე და ორი შვილი ველოდებოდით. დედა თებერვალში ჩამოსვლას აპირებდა. მიზეზი არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა. ყოველდღე ვესაუბრებოდით. დედა ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო იყო. დედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შევიტყვეთ – ჩემმა მეუღლემ სოციალურ ქსელში სტატია იპოვა. ჩვენთვის ამ დრომდე არაფერი უთქვამთ და არც არავის დაურეკავს“, – აღნიშნა პავლე ფოფხაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თუმცა, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაშემწემ, ლალი ნაკაიძემ “კვირას” განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მზია დუნდუას ოჯახს უკვე შეატყობინეს.

საკონსულო მომხდარის დეტალებს არ ახმაურებს. მათი ინფორმაციით, მზია დუნდუას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული. საკონსულოში არ აკონკრეტებენ, რა გახდა მზია დუნდუას გარდაცვალების მიზეზი. მათივე ინფორმაციით, თურქული მხარე გამოძიების დეტალებს არ ახმაურებს.
დღეს „კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ თურქეთში, სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, ორი შვილის დედა, 51 წლის მზია დუნდუაა. პროფესიით პედაგოგი სტამბოლში რამდენიმე წელი მუშაობდა და საქართველოში ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
„მზია დუნდუა სამი თვის გასამრჯელოს ითხოვდა. ოჯახის დიასახლისი მას ამ კუთვნილ თანხას არ უხდიდა. მზია ჩვენთან ამბობდა, რომ როგორც კი თანხას მიიღებდა, საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. იგი პროფესიით პედაგოგი იყო და ოჯახში ბავშვს უვლიდა. ოჯახის დიასახლისს მისთვის სამი თვის ხელფასი არ გადაუხდია. მისი გარდაცვალების ამბავი ოთხშაბათს, 2 ნოემბერს გავიგეთ. სამშაბათს, 1 ნოემბერს, მზიამ თანხა მოითხოვა და მასსა და ოჯახის დიასახლისს შორის კონფლიქტი მოხდა. მზიას მუცლის არეში 2 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული და ვენებიც გადაჭრილი აქვს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას თურქეთში მყოფი ქართველი.
კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი აცხადებს, რომ მზია დუნდუას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მისი თქმით, თურქული მხარე საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, რადგან გარდაცვლილს ვენები გადაჭრილი ჰქონდა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზია დუნდუა და ოჯახის დიასახლისი შეკამათდნენ. მან სახლი დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ დაცვას შეატყობინა, რომ მოსამსახურე ტელეფონს არ პასუხობდა და გაერკვიათ თუ რა ხდებოდა სახლში. დაცვის წევრებმა საქართველოს მოქალაქე ვენებგადაჭრილი სისხლის გუბეში აღმოაჩინეს“, – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
სავარაუდოდ, თურქი სამართალდამცავები ამ ვერსიაზე მუშაობენ.

იზა შაქარაშვილი

kvira.ge

იტვირთბა....