ბესიკ ხარძიანის სასამართლო პროცესზე მოწმეები დაკითხეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის განზრახ მკვლელობის საქმე განიხილება. სასამართლო განსასჯელების გარეშე მიმდინარეობს, რადგან მის მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ დამეტოვი და რუსეთის მოქალაქე, 41 წლის ოლეგ დოევი მიმალვაში იმყოფებიან.
საქმეს მოსამართლე გიორგი დარახველიძე განიხილავს.
დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა გაგრძელდა. სენორიკ დაშიანი, ლაშა ამბროლაძე, გიორგი ხარძიანი და ვასილ უსენაშვილი მოწმის სახით არიან წარმოდგენილი.
მოწმე სენორიკ დაშიანი, რომელიც სანთებელებს აბარებს მაღაზიებში, ამბობს, რომ ბრალდებულებს არ იცნობს. მან 2015 წელს იპოვა სააკაძის ძეგლთან ახლოს მობილური ტელეფონი, რომელშიც არ იყო სიმ-ბარათი. პროკურორის ცნობით, აღნიშნული ტელეფონი ერთ-ერთ ბრალდებულს ეკუთვნის, რომელიც მან მოიშორა.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ასევე ლაშა ამბროლაძე, ექსპერტი, რომელმაც განახორციელა ვიდეო და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა შემთხვევის ადგილზე.
დაიკითხა ასევე ხარძიანების მეზობელი ვასილ უსენაშვილი. მისი თქმით, შემთხვევის დღეს გაიგო ხმაური. როცა გარეთ გავიდა დაინახა ბესიკ ხარძიანი რომელიც გულაღმა ეგდო და მისი მეუღლე, რომელიც ყვიროდა. მან დაინახა ასევე ტყვიის მასა, რომელიც ეგდო კიბის საფეხურზე, მოპედის სარკე და პოლიეთილენის პარკი. როგორც მეზობელი ყვება, საპატრულო ეკიპაჟი გააჩერეს მეზობლებმა, მათ კი გამოიძახეს სასწრაფო. უსენაშვილი თვითონ გაჰყვა სასწრაფოს მანქანას, რომელსაც ხარძიანი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ყვება რომ ხარძიანი მაგ დროს ცოცხალი იყო და სუნთქავდა.
პროცესზე დაიკითხა გიორგი ხარძიანი, მოკლულის ძმა. მან დეტალურად აღწერა, რაც შემთხვევის ადგილზე ნახა.
“2015 წლის მარტში მკვლელობის წინა დღეს ვნახე. იმ დღეს კი ტელეფონით გვქონდა საუბარი. პროკურატურაში უნდა წავსულიყავით, გამომძიებელთან შესახვედრად. მითხრა, რომ სახლში ვიქნები და გამომიარეო. გზაში ვიყავი, ჩემმა ბიჭმა დამირეკა, რომ ბესო კიბეებზეა დავარდნილი და სისხლი მოსდის თავიდანო. მერე მითხრა, ტყვია აქვს მოხვედრილიო. სახლთან ძალიან ბევრი ხალხი იყო, ჩემი ძმა საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მეზობლები ყვებოდნენ, რომ სადარბაზოში შეყვა ვიღაც ქილერი, ესროლა და გაიქცა. მოტოციკლის სარკე იყო მოტეხილი, რომელიც იქ დავინახე” – განუცხადა სასამართლოს ხარძიანმა.
მისი თქმით, ისინი გამომძიებელს უნდა შეხვედროდნენ კუს ტბის საქმეზე. დავა იყო გიორგი უდესიანთან და ბადრი ქურასბედიანთან.
მან განაცხადა, რომ თავის ძმას შიში ჰქონდა, რომ არ მოეკლა უდესიანს და ამას ამბობდა ხოლმე.
პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეზე დაკითხულია დაახლოებით 250-ზე მეტი პიროვნება, წარმოდგენილია მასალები 14 ტომად, მათი შეფასება უნდა მოხდეს მთლიანობაში სასამართლოს მიერ.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია, უნდა იქნას აღქმული იმად, რომ დანაშაული ნამდვილად ამ პიროვნებებმა ჩაიდინეს” – განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.
რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის და ოლეგ დოევის სახაზინო ადვოკატს, ირაკლი ესიავას, ის ამბობს, რომ დღევანდელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, არაფერი მნიშვნელოვანი არ დამტკიცებულა.
შეგახსენებთ, ბესო ხარძიანი გასული წლის 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენს საკუთარ სახლთან სამჯერ ესროლეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე მიმდინარე წლის 21 იანვარს გახსნა. ბიზნესმენის მკვლელობისთვის ბრალდებულები არიან რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი და უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ დამეტოვი, რომლებსაც აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების, ასევე ხსენებული კომპანიებიდან იძულებით გაყვანისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეიმუშავა და განახორციელა დანაშაულებრივი გეგმა.
2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც გააჩნდა მეგობრული ურთიერთობა და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს წილები დაეთმო.
მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოთავსებული იქნა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი დაეთმო კომპანიების – „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები. აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილეს თანამშრომლები.
ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი პატიმარი ბესარიონ ხარძიანს სისტემატიურად სთხოვდა ეთამაშა აზარტული თამაში, რაზედაც იგი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, რამდენიმედღიანი ზეწოლის შემდგომ, ბესარიონ ხარძიანი დაიყოლია თამაშზე და მოუგო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ რესტორანში დაპატიჟება. მოგვიანებით კი განუცხადა, რომ მათი შეთანხმება გულისხმობდა არა რესტორანში დაპატიჟებას, არამედ რესტორნის, როგორც ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი დამაჯერებლობისთვის ბესარიონ ხარძიანისთვის შეთავაზებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ წერილის გაგზავნა დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული წერილი გადაცემული იქნა ალექსანდრე მუხაძისთვის.
წერილის შედგენიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა ბესარიონ ხარძიანს გადასცა საპასუხო წერილი, სადაც თითქოსდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ბესარიონ ხარძიანის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 800 000 აშშ დოლარს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ბესარიონ ხარძიანი თანახმა იყო გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული რესტორანი, თუმცა ვინაიდან ბესარიონ ხარძიანის წამების მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს-წილების დათმობა გიორგი უდესიანის სასარგებლოდ და არა რესტორნის, როგორც ობიექტის გადაცემა, ალექსანდრე მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა უარი განაცხადა რესტორნის ჩაბარებაზე და მოსთხოვა ბესარიონ ხარძიანს გიორგი უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ემუქრებოდა გაუპატიურება.
საპატიმრო დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანზე ზემოქმედების პარალელურად, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი საკუთარ ოფისში შეხვდა გიორგი ხარძიანს, რომელიც შპს „კუს ტბა კალას“ და შპს „კუს ტბა პალასის“ წილებს ფლობდა. უდესიანმა გიორგი ხარძიანი თანმხლებ პირებთან ერთად სცემა, რა დროსაც დაემუქრა, თუ ხარძიანების ოჯახი კუს ტბის წილებს მის სასარგებლოდ არ დათმობდა, თავად შევიდოდა ციხეში და ბესარიონ ხარძიანის გაუპატიურებას დაესწრებოდა, ხოლო გიორგი ხარძიანს ან მოკლავდნენ, ან მასაც ციხეში შეაგდებდნენ და გააუპატიურებდნენ.
ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ერთ-ერთი ნათესავის სახელზე გაეცათ მინდობილობები და გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები. გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი.
გამოძიება გრძელდება გიორგი უდესიანის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ალექსანდრე მუხაძის მიმართ – 1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნინო ცხადაია