“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ხარაგაულში, სოფელ ზვარეში მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“მოვუწოდებ ხელისუფლების შესაბამის უწყებებს – დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება სოფელ ზვარეში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით.
ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც რკინიგზაზე სამუშაოებს ახორცილებენ ქართველი მუშები ნაჯახებით და არმატურებით სასიკვდილოდ სცემეს. გაუგებარია, ამ წუთამდე რატომ არავინ არ არის დაკავებული. დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება ქართველს რომ ეცემა ჩინელი მუშა სასწრაფოდ დააკავებდნენ და ციხეშიც ამოალპობდნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ქართველი კაცი იყოს დაჩაგრული და დაბეჩავებული.
”უფლებადამცველთა გაერთიანება” მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დამნაშავე პირები”, – წერს მჟავანაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ, დაპირისპირება საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის, ჩინური კომპანია ჩინეთის 23-ე ბიუროს ტერიტორიაზე მოხდა. კამატი რკინიგზის პროფკავშირებისა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავებული მუშები საავადმყოფოში იმყოფებიან.