სხდომა დაიხურა: მსხვერპლი თუ მოძალადე – საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებული სასამართლო გრძელდება
გონიოში, მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული სკანდალური საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. საქმე ეხება გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტს, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე კახაბერ ხაჩიძე დააკავეს. პირველ ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელიც სავარაუდოდ საქმეში არასრულწლოვანის, თამარ ხაჭაპურიძის შვილის მონაწილეობის გამო დაიხურა.
„მეტრონომმა“ აღმოაჩინა გონიოში, აგვისტოს თვეში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი თამარ აბესაძე, ადვოკატი, რომელიც დეტალურად ყვება იმ გარემოებების შესახებ, რასაც თავად შეესწრო.
„ვიყავი ჩემთვის, ვეფიცხებოდი მზეს. ამ დროს დაახლოებით 5-6 მეტრში ატყდა სასწაული ამბავი. რომ შევხედე სასამართლოს თავმჯდომარეს, მეცნო მაგრამ ვიფიქრე, რომ ის არ იქნებოდა. გავჩერდი ამიტომ, მაგრამ ეს ქალი მეცნო, ხაჭაპურიძე და მას მივაქციე ყურადღება. მოსამართლე წყალში მუხლამდე იდგა, ეს ქალი ზევიდან აფურთხებდა, აგინებდა, სასწაული სიტყვები იყო. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მაინცდამაინც გვერდიგვერდ შეზლონგებზე როგორ მოუწიათ ყოფნა. ამ ქალის ბავშვი იყო იქ და ქმარი. სასამართლოს თავმჯდომარესაც ჰყავდა ახლობლები, ცოლიც ჰყავდა მგონი იქ და შვილებიც, ბავშვები იყვნენ. ძალიან ცუდი სიტუაცია ჩამოყალიბდა. ხაჭაპურიძე უყვიროდა „შენ ვინც თავმჯდომარედ დაგნიშნა… შენ რომ მოსამართლე იქნები“, ამას მოჰყვა ცუდი სიტყვები. მიქაუტაძე იხვეწებოდა, რომ მომაშორეთ ეს ქალიო, მაგრამ ამ ქალზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ ბავშვზე, ვინც ჰყავდა, ბიჭი დაახლოებით 12-დან 15 წლამდე იქნებოდა. მამამისიც იქ იყო – ხაჭაპურიძის ქმარი. მე ძალიან გამიკვირდა და აღმაშფოთა იმან, რომ თუნდაც გქონდეს უსიამოვნო მომენტი, ამ მოზარდ ბავშვს რატომ აყურებინებ ამ ყველაფერს, ან რატომ ამბობ მის თვალწინ, რომ მე ამან დამაჯარიმა, წამართვა მართვის მოწმობა… ეს ბავშვი ვერავინ გააჩერა. მამა, რომელიც იქ იყო, იდგა დოინჯშემოყრილი და სეირს უყურებდა. ეს ბავშვი ვერ გააჩეერეს, მიქაუტაძეს წიხლებს ურტყამდა, ქვებს ესროდა“- ყვება „მეტრონომთან“ თამარ აბესაძე.
მისი თქმით, არ დაუნახავს ხაჭაპურიძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდა თუ – არა. როგორც აბესაძე ყვება, ის მოსამართლეს უშვერი სიტყვებით მიმართავდა და აფურთხებდა, მისკენ იწევდა, თუმცა, ის ნათლად დაინახა, რომ მის არასრულწლოვან შვილს არავინ აკავებდა და ის მიქაუტაძეს ქვებს ესროდა, წიხლებს ურტყამდა.
„სასწაული ამბავი იყო. ეს ქალი ვერაფრით გააჩერეს, შემდეგ ეგრევე პატრული გამოიძახა. ვერ გავიგეთ რატომ გამოიძახა პატრული მაშინ, როცა თვითონ დაიწყო შეურაცხყოფების მიყენება.
მე, როგორც ადვოკატი ვფიქრობ, რომ თუნდაც უსამართლოდ იყოს განაჩენი გამოტანილი, ასეთი ამბის ატეხვა არ შეიძლება. თუმცა, ეჭვი მეპარება, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენში, იმიტომ, რომ იმას სასამართლოსთვის ექსპერტიზის დასკვნა, ცნობები უნდა წარედგინა. ცნობები წარდგენილი არ აქვს. არ არის ძველი დრო, თუ წარადგინე რაიმე საშეღავათო გარემოება, არ არსებობს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინოს. ჰაერზე თუ ვილაპარაკებთ, არავინ არაფერს გაგიკეთებს. თუნდაც იყოს ის მომენტი, რომ გადაწყვეტილება არ მოეწონა, ამის გამო ასეთი ამბავის ატეხვა არ შეიძლება.
თამარ ხააპურიძე და მისი მეუღლე პროცესზე
მოსამართლე მოსამართლეა, მაგრამ დასვენების უფლება არ აქვს? ასე, უნდა ელოდოს, ვინ დაესხმება თავს მისი გადაწყვეტილების გამო? ყოვლად დაუშვებელია და არაფრით შეიძლება ამის გაკეთება. შემდეგ პატრული მოვიდა, უცებ ჩაერთვნენ საგამოძიებო უწყებებიც საქმეში.
დაარტყა თუ არა, ეს მე არ დამინახავს, იმიტომ, რომ უცებ გაჩნდა ბევრი ხალხი. პირველი რაც ვიფიქრე, ვიცნობ მე სასამართლოს თავმჯდომარეს და შეიძლება რომ მივსულოყავი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილიყო.
ფოტო ხელვაჩაურის სასამართლოდან
ქმარს რაც შეეხება, რეაგირება არ ჰქონია. ბავშვი მიეჭრა მიქაუტაძეს, წიხლებს ურტყამდა, არავინ აკავებდა. შემდეგ მიქაუტაძის ახლობლები შუაში ჩადგნენ. ბავშვს ხელი არ მოხვედრია, აჩერებდნენ მხოლოდ. მიქაუტაძე ბავშვს არ მიკარებია. ხელით შეხებები რომ დაიწყო, მიქაუტაძე ამ დროს წყალში იდგა. გაიყვანეთო იხვეწებოდა, ხაჭაპურიძის ქმარს ეუბნებოდა, კაცი არ ხარ, ქალს მიხედე, ბავშვი გააჩერეო. ერთი სიტყვით, შეურაცხადები იყვნენ. ზოგადად, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. არ არსებობს მოსამართლემ ისეთი განაჩენი გამოიტანოს, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსამართლეს ფიზიკურად უნდა გავუსწორდეთ“- განუცხადა „მეტრონომს“ თამარ აბესაძემ.
„მეტრონომმა“ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივი და სხვა გარემოებები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება. სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სწორედ ამ სტატიის ქვეშ, კიდევ ერთი თვითმხილველი გამოგვეხმაურა, რომელმაც კომენტარის სახით ინციდენტი აღწერა:
„არ შემიძლია არ დავაკომენტარო. ზღვაზე ეგ ინციდენტი ჩემ თვალწინ მოხდა. თავმჯდომარე ზღვაში ცურავდა და გარედან ეს ქალი შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გამო გარშემო უამრავი ხალხი შევწუხდით. არ ჩერდებოდა ეს ქალი და ეს ბიჭი იძულებული გახდა ზღვიდან როგორღაც გამოსულიყო. მცირეწლოვანი შვილებიც ახლდნენ ამ ბიჭს, მეუღლეც, ყველა უყურებდა როგორ აყენებდა შეურაცხყოფას, ამ ქალის არასრულწლოვანი ბიჭი კი აგინებდა. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. ამ თავმჯდომარის ოჯახი ჩემს შეზლონგებზე იყვნენ და სულ რაღაც 20 წუთში მოუწიათ სასტუმროში წასვლა, სადაც გიორგი მიქაუტაძე ისვენებდა.
ძალიან რომ შევწუხდით, ვკითხეთ იქ მყოფებმა მიქაუტაძეს, რა ხდებოდა და მან თქვა, რომ მართვის მოწმობა ჩამოართვეს ამ ქალს და მე მქონდა განსახილველად ეგ საქმე, ეს ქალი ტყუოდა და ამის მერე არადა აღარ მეშვებაო. მისი მეუღლის და შვილების თვალები არ დამავიწყდება, კიდევ ახლდა ხალხი და ყველა ისეთი შეურაცხყოფილები წავიდნენ. ალბათ გიორგის ოჯახს კვარიათი ცუდად დაამახსოვრდება, მაგრამ ჩვენ მას და მის ოჯახს დიდი სიხარულით მივიღებთ მომავალ ზაფხულს და იმედია კარგად დაისვენებენ მომავალში“ – წერს „მეტრონომის“ სტატიის კომენტარების სვეტში ხათუნა სადაგაშვილი.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
ცნობისთვის, თამარ ხაჭაპურიძეს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ თავდაპირველად აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მისი მეუღლე კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ხაჭაპურიძის ადვოკატმა სასამართლოში შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახის, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააყენა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. (იხილეთ დეტალები)
კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ: მთავარი იდეა, რის გამოც ასე დაინტერესდა „მეტრონომის“ რედაქცია მოსამართლესა და მოქალაქეს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესით, არის ინსტიტუციების მიმართ პატივისცემა და კულტურა. აქედან გამომდინარე, ასევე იმიტომ, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას მოსამართლეების მიმართ შურისძიების პრეცენდენტები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვერდიქტები, რომელიღაც მხარისთვის, ყოველთვის აჩენენ ეჭვს.
ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 16 ნოემბერს ჩაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხომა დაიხურა, იმედია, საზოგადოებისთვის საბოლოოდ გახდება ცნობილი მოსამართლის მიმართ ჰქონდა თუ არა ადგილი შეურაცხყოფას, კანონის შესაბამისად დაისჯება თუ არა დამნაშავე თუკი ის არსებობს და არის თუ არა სასამართლოს ხელისუფლებისთვის გამოწვევა ის, რომ მომავალში მოსამართლეების წინააღმდეგ, მათ მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, ვინმემ შურისძიება არ დაგეგმოს.
ლოლიტა შხვაცაბაია