შემზარავი ფაქტი მოხდა იმერეთში – 15 წლის გოგონას, 29 წლის მამაკაცი ფიზიკურად 4 თვის განმავლობაში უსწორდებოდა. არასრულწლოვანი გოგონა ზრდასრულმა მამაკაცმა ცოლად 4 თვის წინ არასრულწლოვანისვე თანხმობით მოიყვანა, ისინი არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. დედის თქმით, მისი ყოფილი სიძე 15 წლის გოგონას გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.
როგორც “მაესტროსთან” საუბრისას დაზარალებულის დედა ამბობს, ამ შემზარავ ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მოძალადემ არასრულწლოვანი დააინფიცირა.
“ბიჭს ტუბერკულოზი ჰქონია, მაგრამ ამას არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები არ ამხელდნენ. ცოლის მოყვანიდან მალევე დაიწყო ჩემი შვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა. უმოწყალოდ სცემდა, ჩამოუყარა კბილები, დაულეწა ნეკნები, გაუტეხა ცხვირი, თავის არეში სულ ბოთლს ურტყამდა. მთელ ზურგზე სულ წიხლების კვალი ეტყობა. ექსპერტიზაზე, რომ მივიყვანეთ ექსპერტმა თქვა, რომ განზრახ სიკვდილის მოსპობა ჰქონდა ამ კაცს განზრახულიო,”- აცხადებს არასრულწოვანი გოგონას დედა.
დაზარალებულის ოჯახის თქმით, მოძალადე მამაკაცი უკვე დაკავებულია, თუმცა მას ერთადერთი ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. დაზარელებულის ოჯახი კი მოძალადე მამაკაცის ბრალის დამძიმებას ითხოვს.
primenewsgeorgia.ge