კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცეცხლმა თამარ მეფის და გიორგი მესამის ფრესკებიც დააზიანა.
“ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი ყოფილა და უნიკალური ფრესკები (მათ შორის თამარის და გიორგი მესამის) ჭვარტლით დაზიანებულა.
ბრიტანელ სპეციალისტებთან ერთად ამ ფრესკების კონსერვაციის პროექტს დიდ ბრიტანეთში ჩემი ელჩობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ვთვლიდი, როდესაც მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტის ქორთოლდის ინსტიტუტთან თანამშრომლობის (მათ შორის თანადაფინანსების) პროექტი შეიქმნა.
წარმოუდგენელი და სამარცხვინო ამბავია”.- წერს ბადრიძე.
აღსანიშნავია, რომ დღემდე თამარ მეფის მხოლოდ ოთხი ფრესკა შემორჩა. ვარძიის გარდა მე-12 საუკუნის მონარქი გვხვდება ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის (დავით გარეჯის უდაბნო) ტაძრების მხატვრობაში.
“მეტრონომი” კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსამსახური ფრესკების მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებლ განცხადებაში კი ფრესკების მდგომარეობის შესახებ არაფერია ნათქვამი.
“2016 წლის 1 ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა.
ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და საერთაშორისო მასშტაბით დარგში აღიარებული უნივერსიტეტია. კურტოს ინსტიტუტთან და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობის დეტალური შესწავლა, დოკუმენტირება და საკონსრევაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა. კვლევა ითვალისწინებს კედლის მხატვრობის საფუძვლის ფენის, ნალესობის ფენის, ფერწერული ფენის შესწავლას. ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა”. – აღნიშნულია განცხადებაში.