აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიის უახლესი გეგმები საცობების განსატვირთად: „მარჯვენასაჭიან ტაქსებზე შეზღუდვა აუცილებლად შემოვა“

 

„ქალაქის ხელისუფლება ის ექიმი უნდა იყოს, რომელიც ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს“

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ 2 სექტემბერს პრეზენტაციაც მოეწყო, სადაც  დედაქალაქის მერმა და მისმა მოადგილემ ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და საცობების მართვის ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინეს:

„ქალაქში საცობებისგან განმუხტვის მხრივ ჩვენ რამდენიმე ღონისძიება გავატარეთ, მათ შორის, ქალაქის ვიწრო და ცენტრალურ უბნებში პიკის საათებში დასუფთავების მანქანების გადაადგილება. ამ თვალსაზრისით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციაზე მერიის 5-პუნქტიანი სტრატეგია იყო წარდგენილი, რომელიც  2016-2017 წლებში დედაქალაქში საცობების განმუხტვას ისახავს მიზნად. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება:

ა)ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების მოდელის შემუშავება და სპეციალისტების ტრენინგი;

ბ)მულტიმოდალური, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება (სამარშრუტო სქემა, განრიგი, მოძრავი შემადგენლობა);

გ)ველობილიკების და საფეხმავლო ქსელის მოწყობა;

დ)საგზაო ქსელის განვითრება;

ე)მოძრაობის ორგანიზაციის ოპტიმიზაცია და საგზაო უსაფრთხოება;

ვ)პარკინგის სტრატეფია;

ზ)მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში 400 000 ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქალაქში საცობების განმუხტვას ართულებს:

“თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და 400 000 მანქანა გადაადგილდება ყოველწიურად. შესაბამისად, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები. ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები,” – თქვა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საცობებისგან ქალაქის განსამუხტად 5-პუნქტიანი სქემა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ინფრასტრუქტურის მოწყობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას, რეგულაციებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას. იგეგმება ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა. მათ შორის უკვე მოეწყო ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე. ასევე განხორციელდა თბილისში, გოლფ კლუბთან მისასვლელი გზის მშენებლობა. გაიხსნა  კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც სოლოლაკს განტვირთავს. დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება:

ა) მარშალ გელოვანის გამზირისა და ახვლედიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშნებელობა.

ბ) ესტაკადა ვაშლიჯვრიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით.

გ) 2017 წელს  იგეგმება პეკინისა და ყაზბეგის გამზირების გზების რეაბილიტაცია. შეკეთდება გზა აბაშიძის, გორგასლის, ჩუბინიშვილის, გარეჯის, ამაღლების, ავშნის და ფშავის ქუჩებზეც.

დ) 2017 წელს  რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის მშენებლობა დასრულდება. ასევე იგეგმება  სამგორი- ვაზისუბანს, დელისი კი ნუცუბიძეს დაუკავშირდეს.  მსგავსი ტრანსპორტის პროექტირება იგეგმება მაღლივი უნივერსიტეტი – ბაგები – წყნეთის მონაკვეთებზეც. საბაგირო ხაზების პროექტირება ამ მონაკვეთებზე მერიის გეგმის მიხედვით 2017 წელს დაიწყება.

ე) 2017 წელს თბილისში ახალი მეტოსადგურის, “უნივერსიტეტის”, მშენებლობა დასრულდება. ვ) ქალაქში იმოძრავებს 143 ახალი ავტობუსი.

ზ) დასუფთავების ავტომობილებისა და სადისტრიბუციო მაქანებისთვის პიკის საათებში მუშაობა შეიზღუდება.

დამოუკიდებელი ფრაქცია „დედაქალაქის“ დეპუტატი, შალვა ოგბაიძე „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი 5- პუნქტიანი გეგმა საკმარისი არ არის და საცობებისგან თბილისის განსამუხტად მტკინვეული რეფორმების გატარება აუცილებელია:

შალვა ოგბაიძე: „მერიასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვაქვს აზრთა აცდენა საცობებისგან განტვირთვასთან დაკავშირებით. მერიის ეს შემადგენლობა თითქმის ორწელიწადნახევარი არსებობს და ერთი წელიც არ დარჩათ. ამიტომ მათგან სამოქმედმო გეგმას კი არა, მოქმედებას ველოდი. 2014 წელს საცობების განსატვირთად სწრაფი მოქმედების გეგმა მქონდა შეთავაზებული, რომელიც ითვალისწინებდა საცობების შესამსუბუქებლად მობილიზებას. მერია სამწუხაროდ თეორიული წიაღსვლებით წავიდა. დაუნახაობა იქნება არ აღინიშნოს ის, რომ პოზიტივია პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. ცუდია არ დაინახო 143 ავტობუსი, რომ ემატება ქალაქს. მაგრამ, ისევე როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, 143 ავტობუსიც ვერ შეამსუბუქებს დედაქალაქის მდგომარეობას. აქ ძირეული ცვლილებებია გასატარებელი. აქ გადასაჭრელია სატრანსპორტო დერეფნების საკითხი, გადასაჭრელია როგორმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იაროს, გადასაჭრელია კომერციული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანაარსებობა (ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები). სამარშრუტო ტაქსები კომერციულია და ხშირ შემთხვევაში მერიისთვის საზიანო პუნქტების მქონე ხელშეკრულებები აქვთ. ეს მიკროავტობუსები და ავტობუსები ერთმანეთს ემთხვევა და რაც მათავარია, ორივე დადის იქ, სადაც მეტროს ხაზი გადის. ასევე ტაქსები, რომლებიც სამართლებრივი რეგულაციებიდან აბსოლუტურად გასულია. არაფერს ვამბობ მათ ტექნიკურ გამართულობაზე. ამას ემატება ურბანული ვანდალიზმი, რაც ძირითადა მიმდინარეობს ცენტრალური სატრანსპორტო არტერიების ხარჯზე (ფალიაშვილი, ყიფშიძე, ჭავჭავაძე, აბაშიძე, ასათიანი, საბურთალოს ქუჩა და ა.შ). ამ ხუთპუნქტიან გეგმაში ვერ ვნახეთ საცობის გამომწვევი მიზეზის, „ჰოლიდეი ინ“-ის  წინ გაყიდული მოედნის დაბრუნება. ეს მონაკვეთი ამოჭრილია დედაქალაქის სატრანსპორტო სივრციდან და როგორ შეიძლება სააკაძის მოედანზე მართლა კარგად გათვლილმა შუქნიშნებმა ეს მონაკვეთი განტვირთოს, თუკი ეს მოედანი დაბრუნებული არ არის. წვრილმანებისგან შედგება ეს პრობლემა და ერთ ხედვაშია მოსაქცევი. საცობი მხოლოდ ავტობუსების რაოდენობით ან ორ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის განხორციელებით არ გადაწყდება. დედაქალაქის საზგაო მოძრაობის უსაფრთხოება  ერთ მთლიან ხელში უნდა იყოს, რომელიც მოიცავს მერიის გამართულ და სინქრონულ მოძრაობას. საცობის ობიექტური მიზეზია ის, რომ დედაქალაქს ასეთი ლანდშტაფი აქვს, რომ გვაქვს კონკრეტული რაოდენობის მაგისტრალები და ა.შ.  სუბიექტური მიზეზი კი ის არის, რომ საკრებულომ და მერიამ ამ გამოწვევებისგან შექმნილი სირთულეები უნდა შეარბილოს.

„მეტრონომი“: რა გავლენა აქვს ამ პრობლემაში მარჯვენასაჭიან ავტომობილებს?

შალვა ოგბაიძე: „ამასთან დაკავშირებით წინადადება მქონდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხანდახან პოლიტიკა ერევა გადაწყვეტილებებში. ხანდახან ხელისუფლება მძევალია იმ წინამორბედი ოპოზიციური ძალების, რომლებიც ცდილობენ რევანშის თუ ჯანსაღი ოპონირების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ისინი იყენებენ იმ მეთოდს, რომ კარგია ის ხელისუფლება, რომელიც გადადებს ტექდათვალიერებას, გაათავისუფლებს ტაქსებს რეგულაციებისგან, მართვის მოწმობის აღებას გახდის მარტივს და ა.შ. შედეგად კი ვიღებთ იმას, რასაც ვღებულობთ. მტკინვეულია რეფორმები, მაგრამ ქალაქის ხელისუფლება ის ექიმი უნდა იყოს, რომელიც ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს და მას ხელი არ უნდა აუკანკალდეს. მაგალითად,  კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს მარჯვენასაჭიანი ორკარიანი ავტომობილით ტაქსაობა! ამას ხუთპუნქტიანი გეგმა არ უნდა, ამას გადაწყვეტა უნდა“.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, უახლოესი გეგმა საცობებისგან განსამუხტად უკვე შემუშავებულია.

მამუკა მუმლაძე: „ბევრ რამეს ვგეგმავთ და ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც ფაქტობრვად დასრულების პირასაა,  საქალაქთაშორისო შემომავალი და გამავალი მარშრუტები, რომელიც შეიზღუდება და კონკრეტული მარშრუტები დაწესდება. ამას მძღოლები თუ არ დაემორჩილებიან, ასლარიანი ჯარიმა დაწესდება. ასევე, ახალი ავტობუსების ჩამოსვლის შემდეგ, გათავისუფლებული ავტობუსები (ხაზიდან) სხვა მარშრუტებზე გადავა, რაც მგზავრების მომსახურებას გაზრდის. ეს კი შეამცირებს საცობებს. ასევე, ტაქსებზე, მომავალ წელს რეგულაცია შემოვა. მათი მძღოლების მიმართ მოთხოვნა იქნება, რომ წარადგინონ ჯანმრთელობის ცნობა, მართვის მოწმობა და ჰყავდეთ გამართული ავტომობილი. ამავდროულად, „ბას ლაინზე“, ჭავჭავაძის გამზირზე ჯერ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას ვგეგმავთ, რომ სხვა ტრანსპორტმა არ იაროს. მხოლოდ ამის შემდეგ შემოვა საჯარიმო სისტემა. ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე, საფეხმავლო ადგილზე, სადაც სითი პარკის ნიშნებია, გარკვეულ მონაკვეთზე ავტომობილებს პარკირების საშუალება ექნებათ. უკვე გამოცხადებულია აუქციონი მრავალდონიანი  ავტოსადგომებისთვის. მათ ირგვლივ გაუქმდება სითი პარკის მონიშვნები და შესაბამისად, ამის ხარჯზე სამოძრაო ზოლები გათავისუფლდება. სადისტრიბუციო და დასუფთავების ავტომობილებისთვის უკვე დაწესებულია შეზღუდვა და ისინი საღამოს საათებში გამოდიან.

– იგეგმება თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა?

– ამ პროექტს შსს ამუშავებს. ფაქტია რომ ამგვარი ტრანსპორტი მოძრაობის დროს შეზღუდვას ქმნის და იმედია რეგულაცია შემოვა. აუცილებლად შემოვა შეზღუდვა ტაქსებზე, რომ მარჯვენასაჭიანი არ იყოს. ეს რეგულაციები მომავალი წლიდან იქნება.

– უნდა ემთხვეოდეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტროს ხაზს?

– გეტყვით, რომ ერთ-ერთი უცხოური კომპანიაა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც სამარშრუტო სქემების ახალ ვარიანტს დადებს, რომელზეც შეიძლება გადავეწყოთ. დამთხვევები შეიძლება მიკროავტობუსებთან იყოს, მაგრამ ავტობუსების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მიკროავტობუსები თანდათან შემცირდება და ეს პრობლემაც აღმოიფხრება.

– თქვენი აზრით, რა არის საცობის მიზეზი?

– აღსანიშნავია, რომ წვიმიან ამინდში იქმნება საცობი და ეს მძღოლების არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს. ასევე საქალაქთშორისო  მარშრუტები, ტაქსებზე რეგულაციები, მრავალდონიანი ავტოსადგომები – ეს ყველაფერი ერთობლიობაში საცობებს განმუხტავს. მაგრამ არა მთლიანად, რადგან ავტომობილების რაოდენობა მომატებულია“. – აცხადებს მამუკა მუმლაძე „მეტრონომთან“.

ცნობისთვის, საქართველოში დაახლოებით 1 050 000 მანქანაა ექსპლუატაციაში. აქედან 40-50% დედაქალაქში მოძრაობს. ანუ ყოველ მესამე ადამიანს ავტომობილი ჰყავს.

მანა ნოდია

 

 

 

იტვირთბა....