საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–ში მდებარე ფოსტის ყოფილი შენობა 5 750 001 ლარად გაყიდა. აუქციონზე გამარჯვებულად 575 ბიჯით შპს „ნევადა“ გამოვლინდა. უძრავი ქონება „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროექტის ფარგლებში შეირჩა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონის პირობების მიხედვით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინიმუმ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორი 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო კომპლექსში სულ მცირე საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.
აღნიშნულ სასტუმროში „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. რომლითაც 20 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებს „საქართველოს ფოსტა“. პირველ სართულზე ასევე უსასყიდლოდ განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც.
მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესსექტორს წარუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ ეკონომიკის სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ინიციატივითაა შემუშავებული.