„პარტია რა შუაშია? მე მიღალატეს თვითონ ხაშურში“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ხაშურის ყოფილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა განაცხადა.
“საკუთარ თავს მივაწერ დამარცხებას. მე თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ასე მოხდება და უნდა მემოქმედა, პრევენცია უნდა გამეტარებინა. პარტია რა შუაშია? მე მიღალატეს თვითონ ხაშურში – გუნდშიც და მხარდამჭერებშიც. მე ისევ ვიქნები პარტიის წევრი,” – აცხადებს გელაშვილი. ის არ საუბრობს კონკრეტულად ვინ და რა ფორმით უღალატა.
ვალერი გელაშვილი „ქართული ოცნების“ ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, რომელიც არჩევნებში დამარცხდა. ის „თოფაძე-მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ დაამარცხა. ცესკოს მონაცემებით, 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ხაშურის #43 მაჟორიტარულ ოლქში პარტია “თოფაძე-მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ ხმათა 61.55% მიიღო, ხოლო ვალერი გელაშვილმა 38.45%.