”პატრიოტთა ალიანსი” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავის გაგრძელებას სტრასბურგში გეგმავს, – ამის შესახებ ”პატრიოტთა ალიანსის” იურისტმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო საარჩევნო დავებზე არ რეაგირებს.
”პრაქტიკულად, საარჩევნო ადმინისტრაციას რა გადაწყვეტილებაც უნდა, იმას იღებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ სარჩელი გვაქვს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს მივაღწევთ ანტიკონსტიტუციური ნორმების გადახედვას. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ჩვენ გავასაჩივრებთ მას სტრასბურგში, ვინაიდან სახეზეა მართლმსაჯულების უფლების დარღვევა”, – განაცხადა ჩხეიძემ.
როგორც ”პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით. პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.