საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციაში თანამშრომლობაში შესვლა ნინო ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსთან“ გამორიცხულია.
„კონკრეტულ ინიციატივაზე, მაგალითად თუ ისინი გამოიჩენენ სურვილს, რომ მხარი დაუჭირონ, ამის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს. პარლამენტში როცა შემოდის პოლიტიკური ძალა, ბუნებრივია, იქ დიალოგი იქნება. მე ვთქვი ის, რომ სტრატეგიული მიმართულება ჩვენ სხვადასხვა გვაქვს. ჩვენი პოლიტიკური პარტია არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობაც” აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ მათი მიზნების მიღწევის გზები, ის შემადგენლობა, რომელიც მათი მმართველობის დროს ქვეყანაში იქმნებოდა, არ შეესაბამებოდა ქვეყანაში ევროპულ ფასეულობებს. ეს იყო აბსოლუტურად ავტორიტარული მმართველობა, სხვა პრინციპებზე დაყრდნობილი, მედიის, სასამართლოს პროკურატურის სისტემის უზურპაციაზე და ასე შემდეგ. ადამიანის უფლებებზე და საკუთრების უფლებების დარღვევაზე აღარ ვლაპარაკობ. ჩვენ მოვდივართ იმ წარსულიდან, რომელიც შორის იყო ევროპული წარსულისგან. მათ შორის რეგიონებში. ეს არის პროცესი და ამ პროცესში ვიმყოფებით ჩვენ. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყნის სტრუქტურული და შინაარსობრივი გარდაქმნის პროცესში და ეს გარდაქმნის პროცესი „ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არის შეუქცევადი. ჩვენ მივდივართ ნამდვილი დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისე, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უნიკალური იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა და წარსული, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ამითიც ვართ განსხვავებული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსს” და “დემოკრატიულ მოძრაობას” “ქართული ოცნებისგან” განსხვავებული სტრატეგიული მიმართულება აქვს, თუმცა თუ ისინი გამოიჩენენ სურვილს მხარი დაუჭირონ კონკრეტულ ინიციატივას წინააღმდეგი არავინ იქნება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის.