რომან გოცირიძე ექსკლუზიურად „მეტრონომთან“ სხვადასხვა სამინისტროს გაუქმებაზე და არჩევნებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
პოლიტიკურ პარტიათა დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შესამცირებელია. პარტიების ეკონომიკურ პროგრამებში საუბარი იყო არა მხოლოდ სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის შემცირებაზე, არამედ სამინისტროების გაუქმებაზე.
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია “ქართული ოცნებაც” საუბრობს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ კუთხით გარკვეული სამინისტროების გამოუქმებასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 356.6 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც 4.45 %-ით მეტია 2015 წლის ხარჯებზე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზისას აღნიშნავდა, რომ 2012 წელთა შედარებით, ცენტრალური მთავრობის აპარატის შრომის ანაზღაურება 389 მილიონით იყო გაზრდილი.
“2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 57.2 მილიონი ლარით იზრდება, მაშინ როცა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება უკვე 85.1 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო, 2012 წელთან შედარებით, 389.2 მილიონი ლარით”. – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
“ნაციონალური მოძრაობის” აქტიური პერსონა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობამ სამი სამინისტრო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და ეკონომიკის უნდა გააუქმოს.
გულისხმობს თუ არა სამინისტროების გამოუქმება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, აპირებს თუ არა თანამშროლობას “ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკურ საკითხებში ხელისუფლებასთან, ამ საკითხებზე “მეტრონომი” რომან გოცირიძეს ესაუბრა.
“მეტრონომი”: თქვენ საუბრობთ სამი სამინისტროს გაუქმებაზე. შეგიძლიათ განმარტოთ ის მიზეზები რატომ არის გასაუქმებელი მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო?
რომან გოცირიძე: ეკონომიკის სამინისტროს არავითარი ფუნქცია არ აქვს. არსებობს უწყებები, რომლებიც არიან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ისინი აკეთებენ საქმეს თუკი რამე კეთდება. იქაც არის საჭირო სერიოზული ცვლილებების გატარება. ეს არის უბრალოდ სათაო ოფისი, რომელსაც ფუნქცია არ აქვს.
– ინფრასტრუქტურის სამინისტროზეც მინდა გკითხოთ.. ამ წლის ბიუჯეტით, აღნიშნული სამინისტროს დაფინანსება გაზრდილი იყო.
– ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს თავისი დაქვემდებარებული დეპარტამენტები. საგზაო დეპარტამენტი და სხვა. ესენი ახორციელებენ პროექტებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმება “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს სურდა. თქვეს, რომ ის უნდა შეერთებოდა ეკონომიკის სამინისტროს. მერე გაუტკბათ, გაიზარდა შტატები, გაბერეს ხელფასები და პრემიები. სამინისტრო იქცა ოფისად, რომელსაც მხოლოდ პრესკონფერენციების ჩატარების ფუნქცია აქვს. საქმე კეთდება სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, ასეთი სამინისტრო საერთოდ არ არსებობდა. ენერგეტიკის სამინისტრო არის ნონსენსი. ვინაიდან, დღეს, ენერგეტიკაში პროცესებს მარეგულირებელი მართავს. სამინისტროს არავითარი ფუნქცია არ აქვს. სამინისტროს ხელმძღვანელობა მხოლოდ პრესკონფერენციებით და ევროპაში მოგზაურობით არის დაკავებული. სამივე მათგანი უფუნქციო უწყებები არიან.
– სამინისტროების რაოდენობის შემცირება, თავისთავად იწვევს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას?
– არა მარტო სამინისტროები უნდა გაუქმდეს, არამედ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს თვითმმართველობის ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და საერთოდ ყველგან, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო დაწესებულება. ანუ ყველგან, სადაც სახელმწიფოს ხარჯზე, ჩვენს ხარჯზე ხდება ფულის ფლანგვა.
– ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გარკვეული სამინისტროების გაუქმებას გეგმავენ. როგორ ფიქრობთ, რომელი სამინისტროების გაუქმებას გეგმავენ ისინი?
– სავარაუდოდ, გააუქმებენ დიასპორის სამინისტროს. სპეციალური სამინისტრო არც ლტოლვილებს არ სჭირდებათ. ევროინტეგრაციის და შერიგების სამინისტროებიც ზედმეტია. მათგან შესაძლოა ნაწილი განყოფილების სახით შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
– თქვენ წარმოადგენთ პარტიას, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. რატომ არ შემცირდა სამინისტროების რაოდენობა მაშინ? თქვენ შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი ახსენეთ და სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა ეს უწყება…
– ჩვენ ოცდაათი სამინისტრო დაგვხდა. ჯანდაცვის და შრომის სამინისტროები ცალ-ცალკე იყო. ჩვენი ხელისუფლების დროს უამრავი სამინისტრო გაუქმდა, მაგრამ საჭირო იყო გაგრძელება. ყველაფერი ერთ დღეში ვერ გაკეთდებოდა. რეფორმებს სჭირდებოდა მეორე ტალღა და ეს მეორე ტალღა არ დაგვცალდა. ახლა, გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვიზრდის ბიუროკრატიას.
– ამის მიუხედავად, ხელისუფლებას დიდი ალბათობით ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში…
– საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად, უბედურება არ არის. უბედურებაა მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი. ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია პრობლემაა. ჩვენ არ გვაქვს ხელისუფლების დაბალანსებული სისტემა. საფრთხე ჩნდება მაშინ, როდესაც ერთი ადამიანის მმართველობა იწყება.
– თქვენ ფაქტობრივად პარლამენტის წევრი ხართ. ბუნებრივია მოგიწევთ თანამშრომლობა. რა საკითხებზე აპირებთ მთავრობასთან თანამშრომლობას?
– ყველა საკითხში, რომელსაც ხელისუფლება წამოაყენებს და იქნება დადებითი, ვითანამშრომლებთ. მაგალითად “ქართულმა ოცნებამ” ბოლო მომენტში გააჟღერა საკითხები, რომლებიც ჩვენი პროგრამიდან გადმოიწერეს. ისინი ამბობენ, რომ მოხდება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მაგრამ არა იმ მაშსტაბით როგორც ჩვენ გვინდოდა. დღეს საგადასახადო დარღვევები, 50 000 ლარზე მეტი, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ადამიანებს აპატიმრებენ. ჩვენი პროგრამით 500 000 ლარამდე დარღვევის შემთხვევაში უნდა იყოს ჯარიმა. მთავრობის პროგრამაში ეს რიცხვი 100 000-მდეა დაწეული. ამ ცვლილებას მხარს დავუჭერთ.
– არჩევნების მეორე ტურზე მინდა გკითხოთ… რომელ მაჟორიტარულ ოლქებში გაქვთ თქვენი აზრით, გამარჯვების შანსი?
– საზოგადოებას თუ არ უნდა რომ მიიღოს ერთი კაცის მმართველობა, რასაც შემდეგ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა და არასტაბილური ვითარება მოჰყვება, უნდა მივიდეს არჩევნებზე. ამომრჩეველმა უნდა დაძლიოს ერთი მხრივ სიზარმაცე და მეორე მხრივ, თუნდაც ნეგატიური განწყობა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. მეორე ტურში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ოპოზიციური პარტიის კანდიდატს. ჩვენ მარნეულში, ახალციხესა და ზუგდიდში მოვიგეთ არჩევნები. სანდრამ ზუგდიდში მოიგო. შემდეგ ნახეთ, რომ მეორე ტურში ჯიხასკარში სანდრამ წააგო, რადგან გაგვიყალბეს. ხელისუფლებამ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. ჩვენი ხელისუფლება რუსულ საოკუპაციო ჯართან იყო შეკრული, ჩამოიყვანეს ხალხი აფხაზეთიდან.
– თქვენ ამომრჩევლის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაგიჭირათ მხარი. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, რომ აღარ მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, როგორ აფასებთ. ამ შემთხვევაში რას ეუბნებით თქვენს ამომრჩეველს?
– სანდრა რულოვსი არის ერთადერთი შემთხვევა, გამონაკლისი. მასზე ხელისუფლების ზეწოლა განსაკუთრებით დიდი იყო. ის გაერიდა საარჩევნო პროცესს და ამით ამომრჩეველი რისკის ქვეშ არ დააყენა. ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარდა რომ სანდრასთვის არჩევნები გაეყალბებინა. თუმცა, რომ გაეგრძელებინა ბრძოლა, უკეთესი იქნებოდა.
– თქვენი პარტიის ლიდერი ეწინააღმდეგებოდა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას. თქვენ თქვით, რომ პარლამენტში არშესვლის საკითხის განხილვაც კი არასერიოზულია. რატომ განსხვავდებოდა სააკაშვილის პოზიცია პარტიის სხვა წევრების პოზიციებისგან?
– პარლამენტში უნდა შევიდეთ, რადგან უნდა იბრძოლო ყველა გზით. ამასთანავე, პარლამენტს ძალიან დიდი საერთაშორისო ბერკეტები აქვს. პარლამენტში არშესვლა იქნებოდა უზარმაზარი შეცდომა. ამ საკითხს პირადად მე სერიოზულად არც განვიხილავდი. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მისი ეს განცხადებები ემოციური იყო. გამომდინარე იქედან, რომ გაყალბდა არჩევნები, მან ჩათვალა, რომ მეორე ტურში ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. „ცდა ბედის მონახევრეაო“, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის აზრები მეორე ტურზე 100%-ით ახდეს.
მარიამ ვარადაშვილი