ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანა, სადაც ადამიანის სიცოცხლე „ჩირის ფასია“: აქცია გაიმართა და მორიგი დაანონსდა

მთავრობის კანცელარიასთან შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციას მართავენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“, „აუდიტორია 115“, „ქალთა მზერა“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე მუშტი“, „ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი“, Praxis/პრაქსისი, „თბილისის სოლიდარობის ქსელი“, „თვითორგანიზების ქსელი“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობა“.

2

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, ლანა ღვინიანიძემ „მეტრონომთან“ განაცხადა, აუცილებელია შრომის ინსპექციის შექმნა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა სახელმწიფოს მხრიდან:

ლინა ღვინიანიძე: „შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას შეეხება დღევანდელი აქცია. აქციით ამისკენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვხედავთ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის საჭიროებას. აქცია ასევე შეეხება შრომის ინსპექტირების შექმნის მოთხოვნას. ეს არის მთავარი ფუნდამენტი, რასაც შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილება უნდა დაეშენოს“, -განაცხადა ღვინიანიძემ.

„მეტრონომთან“ საუბარში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საკანონდმებლო სივრცე თუ საშუალებას მისცემს, დამსაქმებელი „ითავხედებს“. სწორედ ამიტომ, ბოლო ათი დღის განმავლობაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე და ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა:

petriashvili

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი: „ეს გახლავთ გამაფრთხილებელი აქცია. თუ ეს სიტუაცია არ იქნა დარეგულირებული, უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება შემდეგ თვეს. ქვეყანაში ჩიტის უფლებებზე დასაქმებული ადამიანები არიან და მათი სიცოცხლე ჩირის ფასია. ეს კი სტანდარტია ამ ქვეყანაში. დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა სტანდარტებთან დაკავშირებით და ასევე, ამ სტანდარტების შესრულების შემოწმებაა საჭირო. ამისთვის შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას. ამ უწყებას დღეს არ აქვს უფლება, როცა უნდა მაშინ შევიდეს ობიექტზე და ასევე, სანქციების გამოწერის უფლება არ აქვს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ამ პატარა ქვეყანაში ოთხი გარდაიცვალა სამუშაო ადგილზე. მეტი უბედურება რა უნდა მოხდეს. კომპანიები იმ დოზით დაიცავენ სტანდარტებს, რა ჩარჩოებსაც ხელისუფლება მიაწვდის. დამსაქმებელი ისე ითავხედებს, რის უფლებასაც საკანონმდებლო სივრცე მისცემს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

33

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული. ბოლო 10 დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი კიდევ, სულ ცოტა, 3 ადამიანით გაიზარდა.

 

ნინო ცხადაია აქციიდან

 

იტვირთბა....