“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს შესრულებული სამუშაოსთვის თანხა გადაუხადოს ეგზითპოლების ჩამტარებელ კომპანია TNS-ს ვინაიდან, მათივე განცხადებით, შედეგების ცდომილებამ რისკის ქვეშ დააყენა მაუწყებლის სანდოობა და რეპუტაცია.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ საუბარში განმარტა, რომ ამ მომენტისთვის მაუწყებელი არ აპირებს TNS-ს გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა 76 339 ევრო აუნაზღაუროს.
თავად კომპანიას მიაჩნია, რომ მან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. ამ მომენტისათვის კონტრაქტის სამართლებრივ მხარეს მაუწყებლის იურისტები სწავლობენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზითპოლის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების საბოლოო შედეგებს მნიშვნელოვნად აცდა.
არჩვენების დასრულებიდან მალევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავდა, რომ ეგზითპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად აცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგებით “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სისტემით ხმების 53,8% დააგროვა (ცესკოს შედეგების მიხედვით 48.68%) ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 19,5% (ცესკოს შედეგების მიხედვით 27.11%). საზოგადოებრივ მაუწყებელსა და TNS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზი მოწმობს, რომ მაუწყებელი არ აღმოჩნდა დაცული ეგზითპოლის შედეგების არჩევნების რეალურ შედეგებთან შეუსაბამობისგან.
აღსანიშნავია, რომ TNS-თან გაფორმებული კონტრაქტის სტანდარტული ვადების და პირობების 6.7 მუხლის თანახმად, „კომპანია იძლევა გარანტიას, რომ კვლევები (გამოკითხვები და სხვა სამუშაოები იქნება დადგენილი ისე, რომ შეესაბამებოდეს: A) კვლევები (გამოკითხვები) უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ მეცინერულ მეთოდოლოგიას, წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევა უზრუნველყოფს შედეგების 95% სანდოობას, ცდომილების მაჩვნებელი არაუმეტეს 2%. “
„მეტრონომი“ TNS-ის ქართულ ოფისს დაუკავშირდა. კომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.