ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შესაძლო პოლიტიკური ალიანსი: გია ვოლსკი „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდა

 

პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

“სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება საუბარი გვქონდეს თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე, შეიძლება, გარკვეული პერიოდის მანძილზე ადამიანი პოლიტიკური ოპონენტი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მსჯელობდეს, როდესაც იგივე ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან ჩვენი ურთიერთობები ყალიბდებოდა და საკმაოდ წარმატებული იყო ამ მხრივ ვიქტორ დოლიძე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ღიად ისაუბრა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.

“ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ, მე არ ვითანამშრომლებ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით. ერთ რამეს გეტყვით პირდაპირ, რომ ვიქნები სახელმწიფოს სამსახურში. ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ… დრო გვიჩვენებს, დღეს რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია”,- აცხადებს  აბაშიძე.

შეგახსენებთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა’ 4.62 % მიიღეს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის  გადაწყვეტილება მიიღო. პარტია დატოვეს პარტიის სხვა ლიდერებმაც: ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა.

იტვირთბა....