მაღაზიათა ქსელ „ტექნობუმის“ ფილიალებთან დღეს დილიდან რიგი დგას. მიზეზი ტექნიკის მაღაზიის აქციაა, რომლის მიხედვითაც „ტექნობუმის“ ერთგული SMS მომხმარებელი შენაძენის გარეშე საჩუქარს იღებს.
მომხმარებელს დღეს დილიდან მაღაზიის დაკეტილ კართან მოუწია დგომა. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა განუცხადა, ბათუმის ფილიალთან დილის 11:00 საათზე მივიდა, თუმცა დაკეტილი დახვდა. რიგში ასობით ადამიანი იდგა და პასუხს არავინ სცემდა.
„გუშინ მივიღე მესიჯი „ტექნობუმისგან“, სადაც ეწერა, რომ ხვალ მაღაზიაში თუ მოვიდოდი, შენაძენის გარეშე დამასაჩუქრებდნენ. მოვედი და კარი დაკეტილია, ასობით ადამიანი ვდგავართ რიგში და არ გვიშვებენ. უამრავი საქმე მქონდა და დილით აქ გამოვეშურე საჩუქარზე. საჩუქარი კი არა, მაღაზიაში არ გვიშვებენ“, – ამბობს თეონა რამაზაშვილი.
„კვირა“ „ტექნობუმის“ მარკეტინგის მენეჯერს ეთერ ქოქოლაძესაც ესაუბრა, რომელმაც კარის დაკეტვის მიზეზად ხალხის დიდი ნაკადი დაასახელა. მანვე საჩუქრის მოგების წესები განმარტა.
„ტექნობუმს“ ერთგული მომხმარებლისთვის აქცია აქვს. ჩვენთან მოსული მომხმარებელი წარადგენს SMS-ს რომელიც ჩვენი კომპანიისგან მიუვიდათ, შემდეგ ლოტოტრონიდან სასაჩუქრე ბარათს ამოიღებს, სადაც წერია, თუ რისი მფლობელი გახდა იგი. საჩუქრების მრავალფეროვნება გვაქვს. ზოგმა ფასდაკლების ბართი მოიგო, ზოგმა კი სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ტექნიკა გათამაშებაში ცოტაა, ძირითადად ფასდაკლების ბარათებს იგებენ. რაც შეეხება, კარის დაკეტვას, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოგვაწყდა და ვერ ვუმკლავდებოდით. ნელ-ნელა ვუშვებდით შიგნით“. – განაცხადა ეთერ ქოქოლაძემ.
წყარო: kvira.ge