გუშინ, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა 26 წლის თემურ გურგენაშვილი იყო, – ამის შესახებ ჟურნალი „ლიბერალი“ წერს.
„დაღუპულს თემური ერქვა, 26 წლის იყო, ცოლი რამდენიმე დღის წინ შეირთო. „არაჩვეულებრივი ბიჭი, პატიოსანი, არ სვამდა, არ ეწეოდა, ზრდილობიანი, მორიდებული“- წერს „ლიბერალი“ ერთ-ერთი მუშას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„ლიბერალის“ ინფორმაციით, სახლს პოლიტკოვსკაიას 57-ში შპს „სოლო დეველოპმენტი“ აშენებს, შპს-ს 100% წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძე. კომპანია 2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტკოვსკაიას 57-ში აშენებს
კომპანიის დირექტორმა, გიორგი აფციაუმა „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ კომპანია დაღუპული მუშის ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს, თუმცა შეკითხვებზე – რატომ მოხდა შემთხვევა, ჩამოვარდნის მიზეზი იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა და ა.შ. – არ უპასუხა.
პროფესიული კავშირების მონაცემებით, 2016 წელს 9 თვის განმავლობაში 25 ადამიანი საწარმო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა.