ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ერთმა ქვა ჩაარტყა თავში, მეორემ ყელი გამოჭრა“: ვინ არის ტრანსგენდერი ზიზი, რომელიც მსხვერპლი გახდა

 

ტრანსგენდერის მდგომარეობა, რომელსაც 14 სექტემბერს ღამით ორი მამაკაცი დაესხა თავს ისევ მძიმეა. ცნობილია დაზარალებულის ვინაობა. მისი სახელია ზიზი. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა მიერთებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია…

შემთხვევა გვიან ღამით, 12 საათისთვის ორთაჭალაში მოხდა. ტრანსგენდერ ზიზისთან ერთად ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. თავდასხმის დროს ზიზი მეგობრებისგან მოშორებით იდგა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ზიზის თავს დაესხა და არა მარტო ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ მისი მკვლელობაც სცადა. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. გამოძიებამ ბრალდებულების ვინაობა უკვე გაარკვია და პროცესები სამართლებრივ ჭრილში მიმდინარეობს.

ზიზის უფლებებს უფლებადამცველი გიორგი ტატიშვილი იცავს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად მან გაავრცელა და ირწმუნება, რომ დანაშაული დაზარალებულის გენდერულ იდენტობას უკავშირდება.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ტატიშვილმა “პრაიმტაიმს” მისცა.

“დაზარალებული თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მის გარდა იმ ტერიტორიაზე სხვა ქალებიც იყვნენ. უბრალოდ, ოდნავ მოშორებით იდგნენ და შემთხვევის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი. მე მას შემდეგ მივედი, როცა ინციდენტი უკვე მომხდარი იყო და შესაბამისად, ამის შემდგომ ჩავერთე საქმეში.

რა გახდა დაპირისპირების დაწყების საფუძველი?

– ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მოტივს გამოძიება დაადგენს, თუმცა ფაქტია, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.

თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, რა მოხდა ადგილზე, მაშინ რა გაძლევთ იმის საფუძველს, იდავოთ, რომ ეს ინციდენტი გენდერული იდენტობით იყო გამოწვეული?

– მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დადგინდება კონკრეტული მოტივი. მე შეიძლება მქონდეს არა ერთი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის სავარაუდო ბრალდებულთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაადასტუროს და გამოიძიოს გამოძიებამ. მე ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით ვაფასებ მოცემულ გარემოებას, როგორც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. შესაბამისად, ამის საფუძველს გარკვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მაძლევს.

ამ მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდით?

– დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველაფერი გახდება ცნობილი.

რას ყვებიან ის მეგობრები, რომლებიც ზიზისთან ერთად იყვნენ?

– ყვებიან, რომ ინციდენტი გენდერული იდენტობის გამო მოხდა, სრულიად მოულოდნელად. ეს ორი პიროვნება მივარდა მას, ერთმა ქვა ჩაარტყა თავში, ხოლო მეორემ ყელი გამოჭრა. შემდგომ ქვას ურტყამდნენ სახის არეში.

რა დაზიანებები აღენიშნება დაზარალებულს?

– ყელის არეში საკმაოდ სერიოზული და მძიმე ჭრილობა აქვს. სახის არეში – მრავლობითი ტრავმები. აღენიშნება სახის ძვლის მოტეხილობები და თავის ქალის დახურული ტრავმა, რომელმაც შემდგომში უგონო მდგომარეობა გამოიწვია და ახლა ის მართვით სუნთქვაზეა. მე ექიმებთან მაქვს ყოველწუთიერი შეხება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ვიღებ. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია.

რა ინფორმაცია გაქვთ? დაზარალებული თავდამსხმელებს იცნობდა?

– სამწუხაროდ, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. დიდი ალბათობით, შესაძლოა, იცნობდა, ვერ გამოვრიცხავთ ამ გარემოებას. მე არ ვიცი, ვინ არიან კონკრეტული სუბიექტები. ვიცი ის გარემოება, რომ პიროვნებების იდენტიფიცირება შსს-ს მიერ უკვე მომხდარია. ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები, სადაც ჩანს ინციდენტი. ორი ახალგაზრდა ბიჭია, იდენტიფიცირებულები არიან და უახლოეს დღეებში ველოდებით დაკავებას.

იტვირთბა....