კლინიკა „ლანცეტში“ უნებართვოდ ჩატარებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარუმატებელ ოპერაციას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ამ სამედიცინო სკანდალში ფიგურირებს ნინო კუზანოვაც, რომელიც “ლანცეტის” მთავარი ექიმი გახლდათ. კუზანოვას თქმით, ის ხელმძღვანელობამ პროცესებს ჩამოაშორა. საბოლოოდ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დაძაბვას კი მისი სამსახურიდან გაშვება მოჰყვა.
“მთლიანად ვიყავი იზოლირებული ამ თემისგან. დამფუძნებელი საერთოდ არ მიკარებდა გვერდით. მან განაცხადა, რომ მე ხელს ვუშლი კლინიკის განვითარებას და ვარ მოგზავნილი იმისთვის რომ ჩავშალო მისი ცხოვრების ოცნება – ტრანსპლანტოლოგია“. – აცხადებს კუზანოვა.
კლინიკაში ტრანსპლანტაციის ოპერაციის დანერგვის ინიციატივას კუზანოვა “ლანცეტის” მფლობელებს, კლინიკის წარმომადგენლები კი კუზანოვას აბრალებენ.
გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მუსერიძე დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და პირობას დებს რომ მსგავსი რამ “ლანცეტში” აღარ განმეორდება.
წყარო: “იმედი”