შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ადვოკატის ინფორმაციას, რომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებულებს პოლიციის განყოფილებაში სცემეს.
“გვსურს, ასევე გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცრუ ბრალდებებსა და ინსინუაციებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეურაცხყოფს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, ებრძოლოს კრიმინალს და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, ცილისმწამებური განცხადებებისგან. ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამართლდამცველები მოქმედებდნენ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე პირმა პოლიციას დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. მათ მიმართ გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე 6 პირი გუშინ დააკავეს. ადვოკატ დავით კაკოიშვილის თქმით, სამი დაკავებული ნაცემია და ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდეს.