“ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. ქალებზე ძალადობენ ყოველდღე: ძალადობენ ფიზიკურად, ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი – მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული, ან გაუნათლებელი. მოძალადე ყველა ფენაშია და და მისგან დაცულნი არავინ არ ვართ”.
და აი , მშვენიერი დილა გათენდა საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ კრეტაზე. ვზივარ ზღვის პირას, სივრცეს გავყურებ და ფორიაქი მიბყრობს. საქმე იმაშია, ხვალ თბილისისკენ მივფრინავ და ვერ გადამიწყვეტია, სალონში აეროპორტიდანვე მივიდე, თუ მოგვიანებით. მახსოვს ჩემი წინა გადაწყვეტილებები მსგავს “დილემასთან” დაკავშირებით ყოველთვის საწინააღმდეგო “შემოთავაზებას” ბადებდა და აი, ბოლოს, დრო ისე შევათანხმე, ჩემი გათვლით მოძალადის კრიტიკა რომ არ დამემსახურებინა. შემდეგ ჩემს თავზე გავბრაზდი და აქ გატარებულ დღეებს გადავხედე. მოგწონს აქაურობა? ვკითხე მას აქ გამეფებული სიმშვიდითა და სილამაზით აღფრთოვანებულმა. – „მე ველოსიპედით სიარული მერჩია, ან რაფტინგი“. გული დამწყდა… საღამოს კი მასაჟიდან გამოსული ნახევარი საათი ვისმენდი საუბარს იმის შესახებ, თუ რა გონებაშეზღუდულია ჩვენი ერთ-ერთი დამხმარე პერსონალი თბილისში. ალბათ თავი დამნაშავედ უნდა მეგრძნო მისი არჩევისათვის.
მსხვერპლის დამნაშავის როლში ჩაყენება, მოძალადის ყველაზე სასურველი პოზაა. ის მას სხვისი კონტროლის ილუზიას ანიჭებს და თავს ასე უფრო მნიშვნელოვან პერსონად აღიქვამს. კადრებად გაიარა ჩემს თვალწინ ჩემს მიერ ჩადენილმა ყველა „დანაშაულებებმა“: მეილი კარგად ვერ დავწერე, „ეს ის, ასე არ უნდა მეთქვა“ “მძღოლი დებილია“ „ძიძა გონებაშეზღუდული“, იატაკი ახლა არ უნდა მოწმენდილიყო, „ბანძ ყვავილს ვყიდულობ“, „ბავშვებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევ“, „ექიმთან ახლა კი არა, უფრო ადრე უნდა წამეყვანა“, „მე ადამიანებით აღფრთოვანება და მათი განდიდება მჩვევია“, სია ვრცელია და თავს არ შეგაწყენთ… იმას კი გეტყვით, რომ თუ გავბედე და ეს ყველაფერი გავაპროტესტე, მორიგი შეფასებაც მზად არის და წყალი აღარ გაუვა იმ ამბავს, რომ თუ წასვლა მინდა, შემიძლია წავიდე, ალბათ ბოზობა და თავისუფალი ცხოვრება მომინდა“… ის ფაქტი კი, რომ მე ვინმეს მხოლოდ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის გამო ვუყვარდე, ისე ჩამინერგა, ამაში უკვე თავადაც აღარ მეპარება ეჭვი. არც იმაში, რომ დადებით შეფასებებსა თუ საქებარ სიტყვებს ადამიანები მხოლოდ იმის გამო მეუბნებიან, რომ ვჭირდები. ის კი ერთადერთი „მხსნელია“ ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც სურს რეალობას არ მოვწყდე და ამ დიადი მისიის შესრულების გზაზე უფლება აქვს ყველანაირი ნეგატივიზმით აავსოოს ჩემი ყოველდღიურობა.
ნეგატივიზმით გაჯერებული, ნარცისულ-მაკონტროლირებელი პიროვნების ამოცნობა-დიაგნოსტირება არც ისე ადვილია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ სჯერათ, ყველაფერი წესრიგში აქვთ და პრობლემა, თუ პრობლემის განხილვაზე მიდგა საუბარი, სწორედ სხვაშია და არა მათში.
ყველაფერი იმით იწყება, რომ თავდაპირველად თქვენს წინაშეა მომხიბლავი ადამიანი, სიმპტომები კი მოგვიანებით და კონტროლირებადი დოზით იჩენს თავს. მოძალადე ხდება უფრო მომთხოვნი, რთული ხდება მისი მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება, მომთხოვნი და კრიტიკულია გარშემომყოფების მიმართ, მისი ფოკუსი ნეგატივზეა ორიენტირებული და გარშემო მხოლოდ იმას ხედავს, რაც „გამოსასწორებელია“. ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება მასთან დიალოგი რადგან სხვის გრძნობებს საკუთარ რკინის ლოგიკას უპირისპირებს. ემპათიის უნარს მოკლებული, ყალბ ემფატიას მხოლოდ მაშინ ავლენს, თუ ხვდება, რომ იმ პარაზიტულ ურთიერთობას, რომელსაც თქვენი ნგრევის ხარჯზე საკუთარი მეს დამკვიდრება ჰქვია, საფრთხე ექმნება. სულ მალე კი, ყველაფერი მოძალადის კონტროლის ქვეშ გადადის დაწყებული ფინანსებიდან, დასრულებული იმ მარტივი გადაწყვეტილებების მიღებით როგორიცაა, ყვავილის ყიდვა თუ რესტორანში შესაკვეთი კერძის ოდენობა.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს აცნობიერებ, რომ საკუთარი ძალების აღარ გჯერა და ნებისმიერი საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილების მიღებაც ფორიაქს იწვევს დაუმსახურებელი კრიტიკის მოლოდონში. პრობლემასთან ერთად მისი გამომწვევი მიზეზების არსშიც ცნობიერდები და იგებ, რომ ასეთ ადამიანებს გადაულახავი კომპლექსები ამოძრავებთ და შიში პატივისცემის დაკარგვისა. თუ მათ შიშებს უფრო მეტ სიყვარულსა და ზრუნვას დაუპირისპირებ, ამით ფრანკენშტეინს გამოკვებავთ და დარწმუნებული იყავით, ეს გაზრდილი ფრანკენშტეინი კიდევ უფრო მეტად შეგავიწროვებთ, რათა კარგად დაგანახოთ, რომ თქვენი ადგილი კუთხეშია და იქიდანაც მხოლოდ ხელის აწევის შემდეგ შეიძლება საუბარი. ეს ყველაფერი მოძალადეს იმისათვის ჭირდება, რომ თავი უფრო მნიშვნელოვან პერსონად იგრძნოს და ილუზია იმისა, რომ ძალა აქვს და მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს.
სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ქალის მიმართ ძალადობას მხოლოდ მაშინ აქვს გამოძახილი, როდესაც საქმე ცემა-ტყეპას ეხება. არავის სურს საუბარი იმ დანგრეულ, დამახინჯებულ ფსიქიკაზე თუ დამსხვრეულ გულზე, რომელსაც ბევრი ჩემნაირი დიდი სიამოვნებით გაცვლიდა ჩალურჯებულ თვალსა და მოტეხილ ფეხზე. დიახ, მე შევქმენი ფრანკენშტეინი….
გაიქეცით, გაიქეცით შორს მისგან
მარიამ ტფილელი