ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “რეალური, ნამდვილი, სერიოზული, ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანების” ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საჭიროა სხვადასხვა პარტიებში გაფანტული რესურსების მოკრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მიზანი სულ საარჩევნო ბარიერთან ჭიდილი იქნება.
“სახელმწიფო მართვის სისტემამ, რომლის რეკონსტრუქციაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ათასობით, ათიათასობით ნამდვილი ხმა ისე კოხტად გადაილაგა, გადაიწყო, თითქოს ვერც კი მიედავები. ყველა მეთოდია გამოყენებული – გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის. მარტო აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენია. ეს ბათილი ბიულეტენები რომ ინახოს, იქ აღმოჩნდება ათასობით სხვადასხვა პარტიის ხმა და მათ შორის, ათასობით „ეროვნული ფორუმის“ ხმა. ათასობით და ათიათასობით ხმა გადაალაგა სისტემამ ყველა მეთოდის გამოყენებით და ეს მოახერხა, რადგან ამომრჩეველმაც და საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის. ბევრმა თავი გაიმართლა იმით, რომ დაშინდა; ბევრი გაიყიდა და მიყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში. ამ ფულს აუცილებლად ათმაგად ამოიღებს და მთლიანად ჩაიგდებს ხელში ქვეყნის რესურსს, დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა დ ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის. დანარჩენმა ამომრჩეველმა ცალმხრივი არჩევანით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას. ვიღაცას ძალიან უნდოდა რატომღაც, რომ „ეროვნული ფორუმი“ ნულზე დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩვენც, დანარჩენმა პარტიებმა ვერ ვივარგეთ, ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში“.- განაცხადა შარტავამ.