აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მისცემს თუ არა ხმას გარეთ დარჩენილი პარტიების ელექტორატი „ნაცმოძრაობას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად

 

„მინდა მჯეროდეს, რომ ამომრჩეველი ასე მოიქცევა“: ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთან

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. მე-9 მოწვევის პარლემენტს სამი პარტია დააკომპლექტებს, რომელთაგან მმართველ “ქართულ ოცნებას” სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, როდესაც ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში იქნება კონცენტრირებული და რამდენად მნიშვნელოვანია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნა პარლამენტში, როგორც რეალური ოპოზიციური პარტიის. ამ საკითხებზე “მეტრონომი” პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

“მეტრონომი”: რას ნიშნავს ისეთი დემოკრატის პირობებში როგორც საქართველოა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში? განიხილავთ ამას საფრთხედ?

კორნელი კაკაჩია: “ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს მითუმეტეს, თუ გადავხედავთ “ქართული ოცნების” ლიდერების წინასწარ განცხადებებს, რომ ისინი პრეზიდენტის არჩევის წესის გადახედვას აპირებენ. ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტი პარლემენტმა უნდა აირჩიოს. თვითონ ეს არ არის დიდი ტრაგედია და ძალიან ბევრ ქვეყანაში ასე ხდება. პრეზიდენტი შეიძლება პარლამენტმა აირჩიოს.

– პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი დიდი ალბათობით მმართველი პარტიის ლოიალური იქნება. ესეც ნორმალური პროცესია?

– ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. ეს პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნორმალური, თუ ჩვენ მულტიპარტიული პარლამენტი გვექნებოდა, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას არ ექნება.

ჩვენს შემთხვევაში გვაქვს რისკი, რომ “ქართულმა ოცნებამ” აკონტროლოს როგორც აღმასრულებელი, ასევე პრეზიდენტის ხელისუფლება. გიორგი მარგველაშვილი ფორმალურად, მათი კანდიდატი იყო, თუმცა ის მაინც ცდილობდა დამოუკიდებლად ემოქმედა. როგორც ვნახეთ, ეს “ქართულ ოცნებას” არ მოეწონა. საფრთხე არსებობს, რომ ამ ხელისუფლებას დაემართოს ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ბევრ ხელისუფალს დაემართა. ცნობილი გამოთქმა ხო ვიცით, „ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“. ეს სამწუხარო მაგალითი სააკაშვილის დროს გვქონდა. საქართველო რომ იყოს კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა, შეიძლებოდა ასეთი შედეგი საზიანო არ ყოფილიყო, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, სადაც ლაპარაკია არაფორმალურ მმართველებზე, არის საუბარი, რომ ქვეყანას მართავენ პირები, რომლებიც საერთოდ არ იყრიან კენჭს, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქვეყანაში. ამან შესაძლოა ცოტა ხანში მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელისუფლება ამ ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლებს და მოინდომებს ხელისუფლების კონსოლიდაციას. სავარაუდოდ, მათ ძალაუფლების კონსოლიდაცია შეიძლება გამოუვიდეთ, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც მათ ამ არჩევნებში მიიღეს.

– “ნაციონალურ მოძრაობაზე” მინდა გკითხოთ… პარტიაში ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, უნდა შევიდეს “ნაციონალური მოძრაობა” მცირე მანდატების მიუხედავად პარლამენტში?

– პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ეს იქნება უპატივცემულობა საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. მოსახლეობის საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მისცა ხმა “ნაციონალურ მოძრაობას”. აქ მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, ეს რას მოუტანს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, არამედ საუბარია ქვეყანას რამდენად არგებს ეს.

– როდესაც აცხადებ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამავდროულად პარლამენტში შედიხარ, ხომ აღიარებ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას?

– რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. მე მესმის მათი პოზიციების, მაგრამ რეალობასაც არ უნდა მოვწყდეთ. მესმის წინასაარჩევნო ემოციების, მაგრამ გადავხედოთ საერთაშორისო თანამეგობრობის და სამოქალაქო საზოგადოებას რეაქციებს. ყველა აღიარებს, რომ ეს არჩევნები შედგა. ისინი ამბობენ, რომ ეს არჩევნები არ იყო იდეალური და ის შორს იყო 2012 წელს ჩატარებული არჩევნებისგან, მაგრამ ეს მთლიანობაში ამ შინაარსს არ ცვლის. ჩვენთან მუდმივად ასე იყო, არცერთ პოლიტიკურ პარტიას და განსაკუთრებით დამარცხებულებს არ მოსწონდათ არჩევნების შედეგები. ირაკლი ალასანიას და დათო უსუფაშვილის აღიარება მართლა კონტრასტი იყო. მანამდე არ მახსოვს ვინმეს შედეგები ეღიარებინა. ეს ყველაფერი პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს საკუთარი იდეოლოგიური ამომრჩეველი და საკმაოდ დიდი სოციალური ბაზაა მათი მხარდამჭერების. პარლამენტზე უარის თქმა იქნებოდა მათი ღალატი და რაც მთავარია, ამით ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევენ ქართულ დემოკრატიას, რადგან ქართველი ხალხის ნაწილმა მათ მხარი დაუჭირა და ისინი თვლიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა იყოს. დემოკრატიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ვირჩევთ და ვქირაობთ დროებით ხელისუფლებას. მესმის, რომ თვითონ პარტიაში არის ორი ფრთა ერთი რადიკალური, რომელსაც არ უნდა პარლემნტში შესვლა. მე მაინც მგონია, რომ ზომიერება გაიმარჯვებს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევა ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს არის ერთადერთი მმართველი პარტია, რომელიც გადარჩა, განსხვავებით შევარდნაძის პარტიისგან, ან გამსახურდიას პარტიისგან. ეს პარტიები როგორც კი ლიდერები მიდიოდნენ, იშლებოდნენ.

– მე-9 მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” თუ არ შევა მისი გადარჩენის საკითხი ეჭვქვეშ რატომ დგება?

– პარლამენტში ყოფნას უამრავი დადებითი მომენტი აქვს. იგივე საერთაშორისო კონტაქტები; ინტერსაპარლემენტო ურთიერთობები. “ნაციონალური მოძრაობისგან” ნაკლებად არის მოსალოდნელი მანდატებზე უარის თქმა, რადგან თვითონ მათ აქვთ მწარე გამოცდილება, როდესაც “ქუჩის ოპოზიციამ” იგივე გაუკეთა. ახლა თუ ისინი იგივეს გააკეთებენ, ეს მათი პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანი იქნება.

-“ნაციოანლური მოძრაობა” თითქმის დარწმუნებულია, რომ მე-2 ტურში მათი კანდიდატები ვერ გაიმარჯვებენ. თქვენ ელით, რომ ის ადამიანები, რომლებმაც “რესპუბლიკელებს”, ალასანიას და სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს მხარი მე-2 ტურში მივლენ და “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემენ ხმას, საკონსტიტუციო უმრავლესობა თავიდან რომ იქნას აცილებული?

– მაგაში დარწმუნებული არ ვარ. მე მინდა მჯეროდეს რომ ამომრჩეველი ასე მოიქცევა, თუმცა, თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ესეთი მაგალითი ძალიან ცოტა იყო. რამდენიმე ოლქში შესაძლოა ასეთი სასწაული მართლაც მოხდეს, მაგრამ თუ დინამიკას ვნახავთ უფრო დიდი შანსია, რომ მმართველმა პარტიამ, რომელსაც მით უმეტეს უკვე აქვს უმრავლესობა, გაიმარჯვოს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....