აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უცხოელი ტურისტები ქართული ტურ-ოპერატორის წინააღმდეგ

„მადლობა ზარისთვის“: სკანდალში გახვეული კომპანია „მეტრონომთან“ ხარვეზების გამოსწორების პირობას დებს  

ერთ-ერთი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოში, „ვანილა სქაი“, რომელიც ტურისტების მესტიაში გადაყვანას უზრუნველყოფს, სკანდალში გაება: მომხმარებელთა ნაწილმა, რომელთა შორის უცხოელებიც არიან, კომპანია ფრენების გაუქმების შემდგომ დასაბრუნებელი თანხის მითვისებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „მეტრონომს“ დაუკავშირდა უცხოელი მომხმარებელი, რომელმაც  „ვანილა სქაის“ სერვისით სარგებლობა სცადა  და გაუქმებული ფრენის თანხას დღემდე ელის:

„ორი ბილეთი დავჯავშნე ქუთაისი-მესტიის რეისზე 15 აგვისტოს. ფრენის დღეს გავიგეთ, რომ ამინდის გამო რეისი გაუქმდა. ვცადეთ გაგვერკვია გაუქმებული ფრენის თანხას როგორ მივიღებდით. როგორც კომპანია „ვანილა სქაიში“ გვითხრეს, თანხას რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდებდნენ. ამის შემდეგ რამდენიმე კვირა მომიწია ცდა, რის შემდეგაც კვლავ დავუკავშირდი კომპანიას. მათ მიპასუხეს, რომ გადმორიცხვის პრობლემა ბანკს ჰქონდა და უახლოეს მომავალში თანხას დამიბრუნებდნენ. ამის შემდეგ კიდევ ერთი თვე ვიცადე. საბოლოოდ, გადავწყვიტე საქართველოში შესაბამისს უწყებებს დავკავშირებოდი, ვისაც ეხება ამის რეგულაცია. მე ჯერ კიდევ არ მაქვს ჩემი თანხა დაბრუნებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ზოგადად ძალიან ცუდი სერვისი აქვს: მომხმარებელს ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს აძლევენ, არ სთავაზობენ ალტერნატივას, არ აკვალიანებენ. „ვანილა სქაის“ მომსახურებას აღარ მივმართავ და სხვებსაც იმავეს ვურჩევ“ – განუცხადა „მეტრონომს“ უცხოელმა ვიზიტორმა.

ასევე, კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ იმ მომხმარებელთა შენიშვნებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემები შეექმნათ.

უცხოელი მომხმარებლები:

1 – „ვანილა სქაი ფულთან მიმართებაში მომხმარებელს ატყუებს. კომპანიის თანამშრომლები გპირდეპიან, რომ გაუქმებულ ფრენებზე თანხას დააბრუნებენ, მაგრამ თქვენ ფულს ვერასდროს მიიღებთ. თავიდან მე მითხრეს, რომ ფინანსური დეპარტამენტი განახორციელებდა გაუქმებული ფრენის თანხის გადმორიცხვას, მაგრამ შემდეგ საერთოდ შეწყვიტეს ჩემთან კომუნიკაცია. „

2 – „4  ბილეთი შევუკვეთე კომპანიის ვებ-საიტით. აისახა, რომ მათ მიიღეს თანხა, მაგრამ არ გამოჩნდა, რომ მე დამიმტკიცდა ბილეთები. კომპანიის თანამშრომელმა მითხრა, რომ მათ ვებ-საიტს  პრობლემები აქვს. მითხრეს, რომ თანხას დამიბრუნებდნენ, მაგრამ შემდეგ შემოგვთავაზეს, რომ თავიდან შეგვეკვეთა ბილეთები. ასე ვიყიდე 6 ბილეთი 4-ის ნაცვლად.“

ქართველი მომხმარებელი:

„ძალიან ცუდი მომსახურება გაქვთ! მესტიის რეისზე ბილეთის დაჯავშნა/ყიდვასთან დაკავშირებით ელემენტარული ვერ გამაგებინეთ. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდით. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. არადა, იდეა რა კარგია. არაუშავს, იმედია ძალიან მალე კონკურენტები გამოგიჩნდებათ და ან თქვენ მიხვდებით, რომ სამარცხვინო მომსახურება მოგებას ვერ მოგიტანთ, ან საერთოდ გაქრებით ბაზრიდან.“

ეს მცირე ჩამონათვალია იმ მომხმარებლებისა, რომლებსაც კომპანია „ვანილა სქაისთან“ პრობლემები შეექმნათ.

აღსანიშნავია, რომ „ვანილა სქაი“ ავიაკომპანია „სერვის ეარის“ აგენტია და მასზე პასუხს „სერვის ეარი“ აგებს.

„მეტრონომი“ აღნიშნულ ბრალდებებზე პასუხის მისაღებად კომპანია „ვანილა სქაის“ დაუკავშირდა. თავიდან დირექტორთან გადაგვამისამართეს, თუმცა შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ფინანსური მხარე უფრო კომპეტენტური იქნებოდა. შესაბამისად, კითხვებზე ავიაკომპანია „სერვის ეარის“ ფინანსურმა  და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა, ირინა მღებრიშვილმა გვიპასუხა.

„მეტრონომი“: მომხმარებელთა ნაწილი კომპანიას უჩივის ფრენების გაუქმებასა და შემდეგ, დასაბრუნებელი თანხის მითვისებაში. რატომ შეექმნა ეს პრობლემა კომპანიას?

ირინა მღებრიშვილი: კომპანია ყველა თანხას აბრუნებს, ოღონდ, სამწუხაროდ, მოგვიანებით, ვინაიდან გზა უნდა დაიხუროს, ჩაბარდეს და დაბალანსდეს ყველა ბილეთი. კი, არის ორკვირიანი თუ ერთთვიანი დაგვიანებები, ასევე, გაიპარა შეცდომა და რამდენიმე დღის წინ დავაბრუნეთ ივლისის კუთვნილი თანხები. რაც შეეხება ფრენების გაუქმებას, ეს არის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასრულებს შიდა რეისებს და აქვს ფრენის ვიზუალური წესები. ანუ, თუ შესაბამისი საფრენოსნო ამინდი არ არის, ხილვადობა თუ არ არის 3500 მეტრზე, რა სიმაღლეზეც დავფრინავთ, საჰაერო ნავიგაცია ფრენის უფლებას არ იძლევა. ეს არის გაუქმების მიზეზი. მითუმეტეს, რომ ჩვენ მთიან რეგიონში დავფრინავთ და იქ განსაკუთრებით მკაცრი პირობებია.

– რატომ გვიანდება რამდენიმე თვით მგზავრებისთვის გაუქმებული ფრენების თანხის დაბრუნება? ერთ-ერთმა მომხმარებელმა გვითხრა, რომ კომპანიამ გვიპასუხა,  თანამშრომლები შვებულებაში იყვნენო. ეს საპატიო მიზეზია?  

– ეს მხოლოდ რამდენიმე ბილეთი იყო. შვებულებაში ყოფნა, რა თქმა უნდა, არ არის გამამართლებელი მიზეზი. სწორედ ამიტომ გაიპარა ივლისის თვის ორი ბილეთი და ამაზე ბოდიშიც მოვუხადეთ მომხმარებელს. დაისაჯა ერთი თანამშრომელი, რომელიც უყურადღებობის გამო სამსახურიდან დათხოვილია.

– რომ დავაზუსტოთ, აცხადებთ რომ გაუქმებულ ფრენებზე დასაბრუნებელი თანხა ხანდახან გვიანდება?

– ეს ნამდვილად ასეა. მე ვარ ავიაკომპანიის ფინანსური მენეჯერი და ამავდროულად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მე თვითონ გაგზავნილი მაქვს ძალიან ბევრი ბოდიშის წერილი. ამ მხრივ გამოსწორებაზე ვმუშაობთ და პირობას გაძლევთ, რომ დაახლოებით 10 დღეში, არცერთი დაუბრუნებელი თანხა არ დარჩება. ვცვლით სისტემასაც და როგორც კი გაუქმდება რეისი, იმავე დღეს დაუბრუნდებათ თანხა. ამის განკარგულებას ვაძლევთ ბანკს. აღსანიშნავია, რომ დასაბრუნებელი თანხა ბანკიდან დაგვბრუნებია უკან და თავიდან გასაგზავნი გამხდარა. ეს და სხვა ხარვეზები საბოლოო ჯამში დაგვიანების პრეცენდენტსაც ქმნის. ამ მომხმარებლებს ბოდიშის წერილს ვუგზავნით და დეტალებს ვაცნობთ.

– კომპანიის ვებსაიტის გაუმართავ მუშაობაზეც კეთდება აქცენტი. მგზავრთა ნაწილის მიერ აღინიშნება, რომ დაჯავშნული ბილეთების მიუხედავად, გაუქმებულა მათი ფრენა, ან თანხა ჩაურიცხავთ, თუმცა ბილეთი არ მიუღიათ…

– საჰაერო ხომალდი არის 17-ადგილიანი და მოთხოვნა არის დიდი. ამიტომ ამ რეისებზე ჯავშანი საერთოდ ვერ კეთდება. მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე მისდის დასტური და ბილეთის ნომერი. ვებსაიტთან დაკავშირებით ის პრობლემაა, რომ ამ 17 ადგილთან დაკავშირებით 100 მომხმარებელი, რომ შედის, მოლოდინის რეჟიმთან დაკავშირებით ექმნებათ პრობლემები.  ვაღიარებ, რომ ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ამ ხარვეზებს წარმოშობს ძალიან დიდი მოთხოვნა მცირე მომსახურებაზე.

– შესაბამისად, ალბათ რეისები უნდა დაამატოთ.

– ვერ გავზრდით, 17 ადგილიანზე მეტი თვითმფრინავი ვერ ჯდება მესტიაში, მთაა და კვირაში 6 რეისი სრულდება. დატვირთვა 84 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ ყველა რეისზე მინიმუმ 15 მგზავრია. ყოფილა შემთხვევები, როცა ონლაინ ბილეთები მგზავრს რამდენიმე თვით ადრე  აუღია და შემდეგ რეისზე არ გამოცხადებულა. ამ შემთხვევაში მგზავრი ჯარიმდება და თანხა არ უბრუნდება. ამის გასაუმჯობესებლად კომპანიამ შეცვალა წესები და დრო შეამცირა – მხოლოდ ერთი თვით ადრე შეიძლება ბილეთის ყიდვა. ამან კი წარმოშვა ის, რომ მოთხოვნა არნახულად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს კომერციული პროექტი არ არის, მგზავრები 65 ლარად დაფრინავენ, მაშინ, როცა სამარშრუტო ტაქსი 40 ლარი ღირს. ეს სახელმწიფო პოლიტიკაა, მთის ხელშესაწყობად და ტურიზმის მხარდასაჭერად, ამიტომ არის ასეთი ფასი. დანარჩენ ყველა გადაყვანილ მგზავრზე დოტაციას სახელმწიფო იხდის. მესტიის აეროპორტი მსოფლიოს ხუთი აეროპორტის სიაში შედის განსაკუთრებული პირობების გამო, რადგან ის 3 500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ფრენა მხოლოდ ასპროცენტიანი ხილვადობისას შეიძლება, სხვანაირად აეროპორტი ხომალდს ვერ იღებს.

– თქვენ ხართ ლიდერი კომპანია და უცხოელი მომხმარებლების მკაცრი შენიშვნა თქვენ მიმართ, რომელთაც კონკრეტული კომპანიის და შესაბამისად, ქვეყნის შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გატანა შეუძლიათ, ჩვენთვის საინტერესო ამიტომ გახდა.

– არ ვამბობ, რომ შეცდომა არ მოგვდის, მაგრამ შეცდომა მოსდით მათ, ვინც მუშაობს. ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ და გაძლევთ პირობას, რომ 20 ოქტომბრიდან ეს თემა აღარ დაიძვრება. უღრმესი მადლობა თქვენ ამ ზარისთვის. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი დამაჩქარებელი მიზეზია, რომ უკეთესად ვიმუშაოთ.

მანა ნოდია

 

 

იტვირთბა....