აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მონოპოლია ძალაუფლებაზე და ხელისუფლების უზურპაცია: არჩევნები, რომელიც ქვეყანას უკან წაიყვანს

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, პროპორციული სისტემით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48,67% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 27,11% და „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულ ოპოზიციას“ – 5,01%. სწორედ ეს პოლიტიკური ძალები დააკომპლექტებენ მე-9 მოწვევის პარლამენტს.

ცენტრალური საარჩევნოს კომისიის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურია მოსალოდნელი 73-დან 50 ოლქში. მათ შორისაა თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქი.

14492449_1176450449081565_1341294546427466039_n

სწორედ არჩევნების მე-2 ტური აძლევს მმართველ პარტიას შესაძლებლობას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებით მოსული ხელისუფლების გარდა, შეიძლება ითქვას, რომ უკლებლივ ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს 1990 წლის შემდეგ ჰყოლია, მოდიოდა არა უბრალოდ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის, არამედ პოლიტიკური სისტემის ხელახალი დაფუძნების პრეტენზიით.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” 2012-2016 წლებში პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო მანდატები არ ჰქონდა, ის მაინც შეეცადა პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანას, თუმცა უშედეგოდ.

მე-9 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” აქვს რეალური შესაძლებლობა კონსტიტუციაში ცვლილებები განახორციელოს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

რამდენად მისაღები იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც დიდი ალბათობით, ხელისუფლებისადმი ლოიალური იქნება?!

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში არსებობს.

14650516_1176450389081571_2410857520499733870_n

“მე ვრჩები გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფელად. ძალიან მინდა ვისურვო, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეძლებენ წარმატებით გაიარონ იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც თავად აირჩიეს. საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა კი არ არის რთული, შეცდომების დაშვებაა ადვილი. ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, რომ ყველაფრის კეთება მარტივია და უშვებენ შეცდომებს. ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია”. – ამბობს უსუფაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება” მე-2 ტურში მაჟორიტარი კანდიდატების გაყვანას მოახერხებს, ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

“ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს. ამ მონაცემებით, საკმაოდ დიდი ალბათობა არის იმის, რომ “ქართულმა ოცნება” 113 მანდატი მოიპოვოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, რაც იმ კონსტიტუციურ სისტემაში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ქმნის ძალაუფლების იმგვარ კონსოლიდერების საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ განვითარებას. საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი იზრდება. ვერცერთი სხვა ინსტიტუტი ვეღარ შეაკავებს საპარლემენტო უმრავლესობის ძალაუფლების.” – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების რეალურ საფრთხეზეც საუბრობს:

“თუ პრეზიდენტის არჩევა მოხდა არა პირდაპირ, არამედ ირიბი წესით, ეს ნიშნავს იმას, რომ დარჩენილი მინიმალური შემაკავებელი ბარიერებიდან, რომელიც შესაძლოა უმრავლესობის ძალაუფლებას აზღვევდეს, კიდევ ერთი მოირღვევა და არსებითად შემცირდება ინსტიტუტები, რომელთაც შეუძლიათ დააბალანსონ უმრავლესობა”.

ცოტა ხნის წინ ცესკომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვეთრად მემარცხენე და პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ, ინაშვილის ექვსეული მჭიდროდ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“. ეს კი ზემოხსენებულ საფრთხეებს უფრო რეალურს ხდის.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს გააუქმებს, ეს ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობას გაზრდის.

“ქართულ ოცნებას” როცა მოუნდება კონსტიტუციას მაშინ შეცვლის. სასამართლო მთლიანად კონტროლილებადი იქნება და ამას დაემატება პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც საერთოდ მოსპობენ ალბათ. პრეზიდენტად “ქართული ოცნება” აბსოლუტურად მორჩილ ვინმეს აირჩევს, როგორიც მაგალითად ღარიბაშივილი იყო. მთელი ძალაუფლება მათი იქნება. ძალაუფლების ჩავარდნა ერთი ჯგუფის ხელში, რომელსაც ერთი კაცი მართავს, კარგი არ შეიძლება იყო“. – ამბობს შარაშენიძე.

63577289_n

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე არჩევნების შედეგის შეფასებისას და შესაძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების კომენტირებისას ამბობს, რომ ქვეყანა საბჭოთა კავშირში დაბრუნდა.

“მგონია, რომ ძალიან მძიმე დრო დადგა. ჩემი აზრით, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში. ყველამ უნდა გავაანალიზოთ, როგორ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება და რა გამოსავლები არსებობს”. – განაცხადა გოგუაძემ.

არჩევნების შედეგი შეაფასა პოლიტოლოგმა გია ნოდიამაც. ნოდიას მიაჩნია, რომ 8 ოქტომბერს მიღებული შედეგები ქვეყნის უკუსვლას გამოიწვევს.

„არჩევნების შედეგი არის ძალიან ცუდი. არა იმიტომ, რომ ერთი პარტია მეორეს გვირჩევნია (ამაზე ყოველთვის სხვადასხვა აზრი გვექნება), არამედ იმიტომ, რომ ისევ ვიღებთ ერთი პარტიის და მის უკან მდგომი ერთი კაცის მიერ დომინირებულ ხელისუფლებას, რომელსაც ვერაფერი გააწონასწორებს. ივანიშვილს ეძლევა საშუალება, ბოლომდე განიმტკიცოს ძალაუფლებაზე მონოპოლია და ნელ-ნელა, თავის სტილში, მოაშთოს დამოუკიდებელი ქმედების ყველა კერა. არსებულ ვითარებაში დემოკრატიის, და ქვეყნის, უკუსვლა გარდუვალია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაინც რამდენად შორს დავიხევთ უკან. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, ორგანიზებული უკან დახევა მომავალი გამარჯვების საწინდარია“. – წერს ნოდია სოციალურ ქსელში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“ ახლოს არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველთა – 49%, რაც დაახლოებით – 1 700 000 მოქალაქეა არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....