საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო.
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება უკვე შეუძლიათ. ქვეყნის ტერიტორიაზე საამისოდ შეიქმნა 3 645 საარჩევნო უბანი. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 40 ქვეყანაში დამატებით 55 უბანი ჩამოყალიბდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მე-9 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად 25 საარჩევნო სუბიექტი, ანუ 19 პარტია და 6 ბლოკი იბრძვის.
ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ასევე სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებსაც.
საკანონმდებლო ორგანო 150 დეპუტატით უნდა დაკომპლექტდეს, აქედან 77 პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული სისტემით. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.
კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.