5 ოქტომბერს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები დაფიქსირდა, – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს:
„როგორც მედიით ცნობილი, აქციაზე მყოფი ხალხის გარკვეული ნაწილი აცხადებდა, რომ მათ პარტიამ ფული წინასწარ გადაუხადა აქციაზე მისვლის მიზნით.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, „პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა“, აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად, რაც ასევე დასჯადი ქმედებაა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, იყო თუ არა რეალური და შეაფასოს, ჰქონდა თუ არა კანონდარღვევას ადგილი, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს“,-ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.