ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რომელი პარლამენტარების მძღოლები დაჯარიმდნენ ყველაზე მეტად

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, პარლამენტის წევრებმა დავით ონოფრიშვილისა და შალვა კიკნაველიძემ ყველაზე ხშირად დაარღვიეს მოძრაობის წესები.

IDFI -ს მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012-2016 წლებში აპარატის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობისას, 34 დეპუტატის ავტომანქანაზე სულ 63 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ყველაზე მეტი – 27 ვიდეოჯარიმა 2013 წელს გაფორმდა. სხვა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2012 – 18, 2014 – 8, 2015 – 7, 2016 (6 თვე) – 3 ჯარიმა.

“3-3 ვიდეოჯარიმა ფიქსირდება გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, მანანა კობახიძისა და პაატა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შემთხვევაში – ორი ვიდეოჯარიმა. საქართველოს პარლამენტის აპარატის განმარტებით, ვიდეოჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ შესაბამისი ავტომობილების მძღოლებს და არა პარლამენტის აპარატს.

IDFI-მ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 2012-2016 წლებში საპატრულო პოლიციის მიერ ავტომობილების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების განკარგულებაში არსებულ, მინისტრებისა და მათი მოადგილეების დროებით მფლობელობაში გადაცემულ ავტომობილებზე განცალკევებით.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2012 წლიდან ავტომობილების მფლობელებზე გამოწერილი ვიდეოჯარიმების საერთო ოდენობა ყოველწლიურად მატულობს: 2012 წელი – 140,432 ვიდეო ჯარიმა; 2013 წელი – 256,391; 2014 წელი – 275,953; 2015 წელი – 294,558; 2016 წლის პირველ ექვს თვეში – 161,960 ვიდეოჯარიმა”. – ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

იტვირთბა....