სესიაშვილი: „მათ სურდათ ემოციური ფონის გაზრდა ქვეყანაში და მეორე მხრივ, მსხვერპლის ტყავში თავის წარმოჩენა…“
4 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. მანქანაში მის გარდა მისი მძღოლიც იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მძღოლი და სამი გამვლელი.
ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მომხდარს ტერაქტის კველიფიკაიცია მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
“მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, დროზე გამოჯანრთელდებიან და ასეთი ტერაქტის შედეგად არ გვეყოლება მსხვერპლი ქალაქის ცენტრში”. – განაცხადა პრეზიდენტმა.
აფეთქებიდან მალე შეფასებები გააკეთეს “ნაციონალური მოძრაობის” და მმართველი პარტიის წევრებმა. ტრადიციულად, ორივე ძალა მომხდარში ერთმანეთს სდებს ბრალს.
საგანგებო მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა ოდესაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე და განმარტა, რომ ყველა პირს დასჯის ხელისუფლება იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება ის.
მსხვერპლის, ამ შემთხვევაში გივი თარგამაძისკენ ხელისგაშვერის ფაქტს ამაზრზენს უწოდებს “ნაციოანლური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია.
“კაცს პრემიერ-მინისტრი ჰქვია სახელად, ვიცით, რომ რეალურად არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ბედავს და ასეთ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს. ის მინიშნებებს აკეთებს ისე, რომ არანაირი გამოძიება, თავისივე თქმით, არც კი დაუწყიათ. საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოლიტიკურად უხერხემლო მარიონეტი რას იტყვის. ” – ამბობს ბოკერია.
ცხადია, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის ვერსია მოიწონეს პარტიის წევრებმა და ხელისუფლება ცალსახად იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი “პროვოკაციის” ნარატივს.
დაპირისპირებული მხარეები ცალსახად თანხმდებიან მხოლოდ იმაზე, რომ გუშინ საღამოს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების უსაფრთოების დაცვა, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.
ვის სურდა თარგამაძის აფეთქება და ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მსგავსი ინციდენტის ორგანიზება თბილისის ცენტრში?
ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ანალიტიკოსების ნაწილი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
ერთ-ერთ ვერსიად რუსეთის ფედერაციის შესაძლო მონაწილეობა სახელდება.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ გივი თარგამაძეს 2013 წლის 21 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პარლამენტის დეპუტატს რუსეთის მართლმსაჯულება მასობრივი არაეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ნატალია მუშნიკოვამ აღნიშნა, რომ თარგამაძე აქტიურად უწევს კონსულტაციებს ოპოზიციურ მოძრაობებს სხვადასხვა ქვეყანაში და თუკი არ დააკავეს, ის გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას და შეძლებს ბოლომდე მიიყვანოს რუსეთში მასობრივი არეულობის მოწყობის ჩანაფიქრიც.
საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა შეიძლება გამოიყენოს თავისი კონტაქტები – სხვადასხვა სტრუქტურასთან თუ კრიმუნალურ სამყაროსთან გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით.
სწორედ მოსკოვთან ამგვარი ურთიერთობის გამო, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მომხდარში რუსეთის კვალს ხედავს.
„რაციონალურად უნდა გამოვრციხოთ, რომ ეს მოიწყო გივი თარგამაძემ, რადგან ძალიან სარისკო იყო. წესით, ეს არც ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. თუ ვისაუბრებთ რუსულ კვალზე, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ თარგამაძე რუსეთში გამოცხადებულია ძებნილად, მაშინ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დასუსტებულია ჩვენი სპეცსამსახურები, ჩვენი კონტრდაზვერვა, რადგან რუსეთი მსგავს რაღაცებს აწყობს თბილისის ცენტრში. ” – აცხადებს შარაშენიძე.
“მეტრონომთან” საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი აფეთქების უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას. საყვარელიძის მტკიცებით, ყოფილ სახელისუფლებო გუნდს აფეთქების მოწყობით საკუთარი ელექტორატის მობილიზება სურდა.
“ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ “ნაციონალური მოძრაობის” მოწყობილი შეიძლება იყოს, რადგან უნდა გავარკვიოთ ვინ არის დაინტერესებული ამ ფაქტით. “ქართული ოცნებისთვის” თარგამაძე ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ინტერესის საგანს. საერთოდ, ბოლო ხანებში თარგამაძე აქტიური ფიგურა არ ყოფილა. “ნაციონალურ მოძრაობას” არც არაფერი მოაკლდება ან მოემატება თარგამაძის აქტიურობით, ან უმოქმედობით. “ნაციოანლური მოძრაობისთვის” საჭირო იყო ეს ნაბიჯი. მათ სჭირდებათ მხარდამჭერების მობილიზაცია დღეს გამართულ მიტინგზე. იმის ჩვენება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაგრავენ ეს უკვე არის ისეთი მოტივი რომლის გამოც ადამიანმა შესაძლოა გადადოს სხვა საქმე და მივიდეს მიტინგზე. ფაქტია, რომ თუ თარგამაძის ლიკვიდაცია უნდოდათ ასაფეთქებელ ნივთიერებას საბარგულში არ ჩადებდნენ, როგორც საბარგული გააღეს, ისე გააღებდნენ სალონსაც და ჩადებდნენ სკამის ქვეშ, ანუ ყველაფერი გაკეთებულია საიმისოდ, რომ რეალურად თარგამაძე არ დაზიანდეს, მაგრამ ხმაური ატყდეს. არც ხელწერა და არც მოტივი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებული არ არის”. – ამბობს ექსპერტი.
გივი თარგამაძე, ისევე როგორც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, ქურდულ სამყაროს აქტიურად ებრძოდა. უკავშირდება თუ არა თარგამაძის აფეთქება მის ბრძოლას კრიმინალურ სამყაროსთან ამ კითხვით საყვარელიძეს მივმართეთ.
„ჩვენ გვინახავს ქურდული სამყაროს მიერ აფეთქებული მანქანები. გაგახსენებთ დათო თევზაძის ძმის აფეთქების ფაქტს. მას ასაფეთქებელი მოწყობილობა სკამის ქვეშ დაუდეს, სადაც გადარჩენა გამორიცხული იყო. აქ კი ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ თარგამაძის დაღუპვა ყოფილიყო გამორიცხული“. – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
საყვარელიძის ვერსიას „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილიც იზიარებს.
„მეტრონომთან“ საუბარში თელავის და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივზეც საუბრობს.
„ვისაც მარტივი ანალიზის უნარი გააჩნია ძალიან კარგად მიხვდება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინეთ იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ რეჟიმში მიმდინარეობდეს. ჩვენი ოპონენტები და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ შეშინებული იყო ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემოს გამო, რადგან მათ კარგად ესმით, რომ თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია. დააკვირდით რამდენიმე ფაქტორს: ეს ფაქტი „კურიერის“ გასვლის დროს მოხდა, მაშინ როცა სულ რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პრეზენტაცია უნდა მომხდარიყო „რუსთავი 2“-ზე. მე აღარ მინდა ექსპერტ-კრიმინალისტების საქმეში ჩავერიო და იმაზე საუბარი დავიწყო, რომ სად იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება და რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო. თუ ვინმეს გივი თარგამაძის მკვლელობა უნდოდა ეს როგორ უნდა შემდგარიყო… დეტალებში აღარ შევალ. საერთო ჯამში, ამ ანალიზს საზოგადოებას ვთავაზობ. ეს არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში, თუმცა ეს სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ სურდათ ემოციური ფონის გაზრდა ქვეყანაში და მეორე მხრივ მსხვერპლის ტყავში თავის წარმოჩენა“. – ამბობს სესიაშვილი.
„მეტრონომთან“ საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საუბარი, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს აფეთქება მოუწყო არასერიოზულია.
ხუხაშვილი იმ ექსპერტებსაც აკრიტიკებს, რომლებიც ხელისუფლების ამ ვერსიას ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებენ და განმარტავს, რომ მსგავსი განცხადებების კეთება საექსპერტო წრეებში მიუღებელია, რადგან ეს არ არის საკითხის განხილვა და ეს ექსპერტები რეალურად მხარეს წარმოადგენენ.
„ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო, არ არის დამაჯერებელი, იმიტომ, რომ მათ პოლიტიკურ ინტერესში ეს არ შედიოდა, მოტივი ძალიან ბუნდოვანია ამ შემთხვევაში. ის, რომ გივი თარგამაძემ თვითონ მოუწყო თავის თავს, ესეც ფანტასტიკის სფეროდან არის და ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ ხდება. შესაბამისად, ლოგიკური დასკვნაა, რომ არსებობს მესამე მხარე, რომელსაც შეიძლება, ეს ყველაფერი აწყობდეს. მესამე მხარე შეიძლება, იყოს უცხო ქვეყანა, ან ორგანიზებული დანაშაული“. – ამბობს ხუხაშვილი.
ხუხაშვილი კრიმინალურ ავტორიტეტებსზე საუბრობს. ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი მომხდარ აფეთქებაში კრიმინალური ავტორიტეტების კვალსაც ხედავს.
„კრიმინალური სამყარო დღეს თვლის, რომ მას აქვს შანსი დაიბრუნოს დაკარგული გავლენა. დანაშაულებრივი სამყაროს ინტერესებშია არასტაბილური ვითარება ქვეყანაში, რომ მათ თავისი სერვისები ხელისუფლებას შეთავაზონ სიტუაციის დაწყნარებაში. არ არის გამორიცხული ხელისუფლებაში მოიძებნოს პირი, ვინც მათთან თანამშრომლობას დათანხმდება.“ – აცხადებს ხუხაშვილი.
რაც შეეხება 48 წლის გივი თარგამაძეს, ის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობს. თარგამაძე არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში აღარ არის, თუმცა რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრად და ამ პოლიტიკური გუნდის აქტიურ ფიგურად.
მარიამ ვარადაშვილი