შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძეძის ავტომანქანაზე გუშინ მომხდარი აფეთქების ფაქტს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.
ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევის ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოძრავი ლაბორატორია და ამოწმებენ იმ ბიოლოგიურ ნიმუშებს, რომელიც სავარაუდოდ ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან აიღეს.
ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში ნამსხვრევებია მიმოფანტული.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით მყოფი ადამიანები და შენობებიც კი დააზიანა, დამსხვრეულია მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიების მინები.
ორბელიანის მოედანი ამ დრომდე გადაკეტილია. ჯერჯერობით არ მომხდარა არც გივი თარგამაძის მანქანის და არც სხვა დაზიანებული ავტომობილების ევაკუირება.
შეგახსენებთ, გუშინ კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. მისი ვარაუდით, მანქანის უკანა ნაწილში ჩამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც დისტანციურად მართავდნენ.