უსუფაშვილის რეიტინგი დაეცა, ალასანიას გუნდმა წინ წაიწია, კვირიკაშვილი ისევ ლიდერობს (იხილეთ ცხრილი)
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” წინასაარჩევნო პროექტს განაგრძობს. პროექტის ფარგლებში 10 ექსპერტი წინასწარ სპეციალისტების მიერ შედგენილი კრიტერიუმებით, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს აფასებს. შეფასება მოხდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყოველი თვის 5 რიცხვში ჩვენს საიტზე იდება პოლიტიკოსთა რეიტინგი. ანალიტიკოსები აფასებენ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ივლისისა და აგვისტოს რეიტინგი უკვე დევს ჩვენს საიტზე. ამჯერად გთავაზობთ სექტემბრის თვის აქტივობების შეფასებას.
ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში პოლიტიკოსი საარჩევნო სუბიექტი უნდა იყო და სწორედ ამის გამო, ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “მეტრონომის” ბოლო, სექტემბრის თვის რეიტინგში ვეღარ მოხვდა.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ ექსპერტებს ყოველი თვის ბოლოს, ეგზავნებათ სპეციალური ცხრილები, გამოკითხვაში მონაწილე პოლიტიკოსთა სიით. ექსპერტები აფასებენ მოცემულ თვეში, ყველა პოლიტიკოსის პოლიტიკურ აქტივობას 10-ბალიანი სისტემით, ცხრილში მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერტები „მეტრონომის“ რედაქციას უგზავნიან შევსებულ ცხრილს. რედაქციაში ხდება ათივე ექსპერტის მიერ გამოგზავნილი შედეგების დაჯამება და დგინდება მიმდინარე თვის პოლიტიკოსთა საბოლოო რეიტინგი.
პროექტში მონაწილე 10 ექსპერტია: პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზვიად დევდარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნოდარ ხარშილაძე, ჟურნალისტი კობა ბენდელიანი.
ექსპერტები წინასაარჩევნოდ 10 პარტიის ლიდერ პოლიტიკოსებს აფასებენ.
პოლიტიკოსები:
1 – გიორგი კვირიკაშვილი („ქართული ოცნება“),
2 – დავით ბაქრაძე („ნაციონალური მოძრაობა“),
3 – ირაკლი ალასანია („თავისუფალი დემოკრატები“),
4 – პაატა ბურჭულაძე („სახელმწიფო ხალხისთვის“),
5 – შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული მოძრაობა“)
6 – დავით უსუფაშვილი („რესპუბლიკური პარტია“),
7 – ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“),
8 – ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“), (ის ცნობილი მიზეზების გამო ბოლო გამოკითხვაში არ მონაწილეობს)
9 – ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“ )
10 – კახა შარტავა(„ეროვნული ფორუმი“)
ექსპერტების მიერ პოლიტიკოსთა ყოველთვიური რეიტინგის შეფასებისას, რედაქციის მიერ შეთავაზებული მთავარი კრიტერიუმებია:
1- საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად აქტიურობს პოლიტიკოსი, რომ მოიცვას მოსახლეობის რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ფართო მასას მიაწოდოს ის მესიჯები, რომელიც მას სურს.
2 – მედიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად ხშირად ჩანს პოლიტიკოსი მასმედიის ამა თუ იმ საშუალებებში. იმის გარდა რომ მედია თავად ცდილობს დაუკავშირდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს და ამასთან, მაქსიმალურად დაიცვას პარიტეტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რამდენად აქტიურია თავად პოლიტიკოსი მედიასთან ურთიერთობის დამყარებაში, მიაწოდოს მისთვის სასარგებლო საინტერესო ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადოს მისი პერსონა.
3 – პოლიტიკური შარმი (იმიჯი): კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ პოლიტიკოსი რამდენად მიზანმიმათულია და ფორმირებადი სახეა, რამდენად მიდრეკილია ის აჩვენოს განსაზღვრული ემოციურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედება ელექტორატს შეხვედრების თუ მედიაში წარდგენის დროს, რამდენად არის ის პოლიტიკური მარკა და რამდენად ახერხებს საზოგადოებაში დაიმკვიდროს პოზიტიური იმიჯი, რომელიც მან და მისმა PR სპეციალისტმა უნდა ჩაუბეჭდოს ამომრჩეველს ცნობიერებაში. მეორეხარისხოვნად, მაგრამ ამ კრიტერიუმში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, იგულისხმება მისი გარეგნობაც, ჩაცმულობაც, საუბრის მანერაც და ემოციური მხარეც კრიტიკისა თუ შექების დროს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის მის საბოლოო შარმს და იმიჯს საზოგადოებაში. იმ თვისებების მაქსიმალურად ეფექტურად წარმოჩენა რამდენად ანიჭებს პოლიტიკოსს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მისი პერსონის აღქმას.
4 – საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტი: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზებული და დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია ზოგადად. რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი და მისი საარჩევნო შტაბი შეხვედრების ორგანიზებას (აქსესუარების, ფლაიერების დარიგება). რამდენად სწორად არის დაგეგმილი ზოგადად PR კამპანია მედიაში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში, რამდენად ეფექტურად არის შერჩეული სარეკლამო პროდუქციის გავრცელების მასშტაბები/არეალი. ამასთან, რამდენად სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტურად არის განთავსებული სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და პლაკატები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში.
5 – მესიჯების და აქცენტების ეფექტიანობა პოლიტიკური პროგრამიდან: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოსახლეობასთან შეხვედრების თუ მასმედიაში გამოსვლის დროს. რამდენად სწორ აქცენტებს აკეთებს ის საარჩევნო პროგრამიდან და როგორი კრეატიულობით აწვდის ის მოსახლეობას სასარგებლო მესიჯებს. ამასთან, რამდენად კრეატიული, შინაარსიანი და მიზანმიმართულია ის მესიჯები და სლოგანები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებზე და პლაკატებზე.
ექსპერტების მიერ შეფასებული კონკრეტული პოლიტიკოსის ქულების გამოქვეყნება არ ხდება, მათი უმრავლესობის თხოვნიდან გამომდინარე. მათ მიერ შეფასებული ქულების მიხედვით, რედაქცია პოლიტიკოსების საერთო, საბოლოო რეიტინგს გთავაზობთ.
სექტემბრის შემაჯამებელი რეიტინგები წინა ორი თვის მაჩვენებლისგან საგრძნობლად განსხვავდება, თუმცა სამივე თვის შედეგებით პირველ ადგილს 324 ქულით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იკავებს. პარლამენტის თავმჯდომარემ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მე-2 ადგილი დაკარგა. ის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 298 ქულით ჩაანაცვლა. რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა სოციოლოგიური კვლევებით ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ. ის რეიტინგში მესამე ადგილს 289 ქულით იკავებს. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა “რესპუბლიკელების” სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა. მას “მეტრონომის” რეიტინგში 281 ქულა აქვს. ხუთეულში მოხვდა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც წინა ორი თვის რეიტინგში მე-7 და მე-8 ადგილს იკავებდა. ექსპერტთა შეფასებით, სექტემბერში ბურჯანაძის რეიტინგი გაიზარდა და ის 250 ქულით მე-5 ადგილზეა. მე-6 ადგილს ჩვენს რეიტინგში სტაბილურად “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი იკავებს 239 ქულით. ექსპერტთა შეფასებით, ინაშვილი და მისი საარჩევნო კამპანია დინამიურობით არ გამოირჩევა და სავარაუდოდ, ამის გამო, ჩვენს რეიტინგში სამი თვის განმავლობაში მისი პოზიცია უცვლელია. ინაშვილისგან განსხვავებით, სექტემბრის თვეში შედარებით დაბალი შეფასება მიიღო “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და მან მე-4 პოზიციიდან მე-7 გადაინაცვლა 229 ქულით. სექტემბრის თვე წარმატებული არც მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძისთვის აღმოჩნდა. ივლისში ბურჭულაძე მე-5 ადგილს იკავებდა. სექტემბრის მონაცემებით კი “მსოფლიო ბანი” 187 ქულით მე-8 ადგილზეა. რაც შეეხება ბოლო მე-9 ადგილს, ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა და კახა შარტავა 137 ქულით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
“მეტრონომის” რეიტინგს ზურაბ ჯაფარიძე გამოეთიშა. როგორც აღვნიშნე, ექსპერტები აფასებენ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებს და ჯაფარიძე და მისი პარტია 2016 წლის საარჩევნო მარათონს ცოტა ხნის წინ გამოეთიშა.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით 10-მა ექსპერტმა მოქმედი პრემიერი გამოყო და მას ყველაზე მაღალი ქულა დაუწერა. საზოგადოებასთან ურთიერთობით ანალიტიკოსებმა ალასანიაც გამოარჩიეს და მას საკმაოდ მაღალი შეფაებაც მისცეს. მასმედიასთან ურთიერთობის კრიტერიუმში საკმაოდ მაღალია დავით ბაქრაძის რეიტინგიც. რაც შეეხება პოლიტიკურ იმიჯს, აქ უსუფაშვილი მე-2 ადგილზე გასულ ალასანიას და მე-3 ადგილზე მყოფ ბაქრაძეს უსწრებს. აღმოჩნდა, რომ პროექტში მონაწილე ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ იმიჯს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ.
რაც შეეხება საარჩევნო კაპანიის მენეჯმენტს, ყველაზე მთავარ ასპექტს წინასაარჩევნო პერიოდში ამ კუთხით კვირიკაშვილის შემდეგ ბაქრაძე მოდის. სავარაუდოდ აქ ექსპერტებმა გაითვალისწინეს ის ფინანსური რესურსიც, რითაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გამოირჩევა სხვა პოლიტიკური ძალებისგან. ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, სწორ აქცენტებს პოლიტიკური პარტიის პროგრამიდან, აქ ქულები თითქმის თანაბრად გადანაწილდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი 63 ქულით აქაც მაინც ლიდერია.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსთა შეფასებები იმ კრიტერიუმებით რაც “მეტრონომმა” პროფესიონალებთან ერთად შეიმუშავა ძალიან ხშირად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პარტიების იდეოლოგია, სტრუქტურა და მთლიანად საარჩევნო პოლიტიკა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას. საქართველოში მოქმედმა „პოლიტიკის ინსტიტუტმა“ პარტიათა რეიტინგის შეფასება „მეტრონომის“ მსგავსად ექსპერტებს ანდო, თუმცა ინსტიტუტის მიერ შერჩეული ექსპერტები აფასებდნენ არა უშუალოდ პოლიტიკოსებს, არამედ პარტიებს.
პოლიტიკის ინსტიტუტში ექსპერტების მიერ შედგენილი რეიტინგების უპირატესობებზე საუბრობენ.
ექსპერტთა კვლევას მოსახლეობის სოციოლოგიურ კვლევისგან განსხვავებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. არსებობს მოსაზრება რომ ექსპერტთა გამოკითხვა დიდი ვარაუდით უფრო ზუსტია, ვიდრე მოსახლეობის გამოკითხვები. პირველ ყოვლისა იმის გამო რომ ამ უკანასკნელში ყოველთვის არის რესპონდენტთა არცთუ მცირე ნაწილი, რომელიც პასუხის გაცემისგან შეგნებულად თავს იკავებს. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი ამომრჩევლის რიცხვმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 57% მიაღწია. მეთოდოლოგიურად ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით, ამ კატეგორიის რესპონდენტებიდან თუ ვინ წავა არჩევნებზე და ვინ დარჩება სახლში (მაგალითად შესაძლოა ერთი პარტიის ამომრჩეველი არჩევნებში მასობრივად წავიდეს, ხოლო მეორე პარტიისა – შინ დარჩეს). თავშეკავებული რესპონდენტების პრობლემას ვერც გამოკითხვის გაფართოება და გამოკითხულთა რაოდენობის გაზრდა გადაწყვეტს. სწორედ ამ პრობლემის გამო, თვით ყველაზე ძვირადღირებული და წამომადგენლობითი სოციოლოგიური კვლევებიც კი ერთგვარ ინტერპრეტაციას საჭიროებენ.