ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა. იგი აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
“ჯერ კიდევ ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთიდან ივანიშვილს კარგად იცნობდა, შარშან კიევში მაფრთხილებდა, რომ ივანიშვილი და ივანიშვილის წარმატებაში დაინტერესებული ძალები ყველანაირ ძალადობაზე არიან წამსვლელები. ვისაც ჰგონია , რომ 9 თვის ბარბარე რაფალიანცისა და დიდი ალბათობით ეროსი კიწმარიშვილის მკვლელები, გივი თარგამაძის მძიმე საფრთხეში ჩაგდებაზე არ წავიდოდნენ, დაშინების ან ფიზიკური განადგურების მიზნით, ძალიან ცუდად იცნობს ივანიშვილსა და 90-იანი წლების რუსეთს, სადაც მან ფული იშოვა. ივანიშვილისთვის, ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია და ის ბოლომდე გაიბრძოლებს. შემდეგი დღეები, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ ჩვენს გეგმას, არჩევნების ჩატარებისა და ოლიგარქის მარწუხებიდან საბოლოოდ განთავისუფლების.
P.S. ჩემს მეგობარს და დიდ პატრიოტს გივი თარგამაძეს ვულოცავ გადარჩენას, ჩემი აზრით ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილის ხელისუფლებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დაშავებული კარგად იქნება”.- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაზიანებულია მიმდებარე შენობები, ასევე ახლომდებარე ავტომობილები.