“ჩემს ძმას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს,” – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის, ალექსანდრე ინდუაშვილის დამ ამალია ინდუაშვილმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, მისი ძმა აქციაზე შემთხვევით მოხვდა და გაკვირვებულია, თუ რატომ მოხდა ამ შემთხვევის დაკავშირება პოლიტიკასთან.
“შეგროვილი ხალხი რომ დაინახა, დააინტერესდა, რა ხდებაო. მერე მოვიდა პოლიცია. პოლიტიკურ სარჩულს რომ უდებენ, ძალიან ცუდია. ჩემს ძმას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს,” – აცხადებს ეჭვმიტანილის და.
დაკავებულის შვილი ვასილ ინდუაშვილი კი ამბობს, რომ მამამისი სახლში მივიდა და თქვა, რომ ის პოლიციაში უნდა მისულიყო და ჩაბარებოდა.
“მე როგორც გავიგე, შეურაცხყოფა მიუყენებია ვიღაცას. სახლში მოვიდა და მითხრა, რომ წამიყვანე, პოლიციაში უნდა გამოვცხადდეო,” – აცხადებს ვასილ ინდუაშვილი.
შეგახსენებთ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.