“ძალიან ძვირი ხომ არაა სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომისთვის 6 მილიონი?! ” – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ძალიან ძვირი ხომ არაა სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომისთვის 6 მილიონი?! სირცხვილია ამ თემაზე უბრალოდ საუბარი. აქამდე მომთხოვდნენ პასუხს, რამე გარიგება რომ ყოფილიყო. მართლა მაინტერესებს რაშია ლოგიკა? რაში უნდა შემოეთავაზებინა, რა უნდა გაეკეთებინა სასამართლოს თავმჯდომარეს შემოთავაზებული თანხის სანაცვლოდ? მე ვერ ვიხსენებ დეტალურად მართლა ამ საუბარს, ვინაიდან ჩემთვის ჩვეულებრივი საუბარი იყო, როდესაც ვსაუბრობ სასამართლოს პრობლემატიკაზე. მეტი საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა და კონკრეტულ შემოთავაზებაზე ჩამთან ნამდვილად არ ყოფილა საუბარი”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელება ხელისუფლების ან იმ ადამიანების ინტერესში შედიოდეს, ”ვინც დღევანდელ სასამართლო ხელისუფლებას ხელს აფარებს”.
”ვიღაცას ძალიან არ უნდა ამ საკითხებზე და იმ პრობლემებზე ვისაუბრო, რაც სასამართლოშია და ვიყო თავის მართლების რეჟიმში. რა 6 მილიონი? – მთვარეზე მთავაზობდა ბიძინა ივანიშვილი მიწის ნაკვეთს. ვუპასუხო ამ კითხვას? არა, არ მთავაზობდა! რომც ყოფილიყო შემოთავაზება, რაში უნდა გადაეხადა ვინმეს ფული, რომ ყოფილიყო მისთვის სასურველი გადაწყვეტილება? რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ კონკრეტულ მოსამართლეს მიაღებინოს სასურველი გადაწყვეტილება?”.- განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, მამუკა ახვლედიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ახვლედიანის თქმით, გვარამიამ ფარულად ჩაიწერა მათი პირადი საუბარი, რომელიც გუშინ ინტერნეტში აიტვირთა.