ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტარების ქცევის წესები შესაძლოა ეთიკის კოდექსით დარეგულირდეს

პარლამენტის წევრების ქცევის წესები, შესაძლოა, სპეციალური ეთიკის კოდექსით დარეგულირდეს. დადგენილების პროექტი სახელწოდებით – ”საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსი” პარლამენტს განსახილველად წარედგინა.   მისი ინიციატორები არიან: – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი კოლეგები გუგული მაღრაძე, თედო ჯაფარიძე, სერგო ხაბულიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, თამაზ ყაჭეიშვილი, თამარ კორძაია, სოსო დანელია, დავით ბერძენიშვილი და ბიძინა გუჯაბიძე.

 

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ დღეისათვის არ მოქმედებს რაიმე ნორმატული დოკუმენტი, რომელიც პარლამენტარის ქცევის ეთიკურ ნორმებს განსაზღვრავდა.

პარკლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტი ადგენს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: – პარლამენტის წევრის მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, საჯარო ინტერესისის დაცვა, საჯარო რესურსის კეთილსინდისიერად გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება, გამჭვირვალედ და პატიოსნად მოქმედება, საჯარო რესურსების კეთილსინდისიერად გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება, საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების სტანდარტების ხელშეწყობა, თავაზიანი და ზრდილობიანი ქცევა, პარლამენტის თანამშრომლებთან ურთიერთობა და სხვა.

 

დეპუტატების თავაზიან და ზრდილობიან მოქცევასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტში ნათქვამია, რომ ”პარლამენტის წევრი პატივისცემით უნდა მოექცეს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. პარლამენტის წევრმა უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა პოლიტიკური საუბრისა და საპარლამენტო დებატების დროს. პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოქმედებები და უხამსი გამოსვლები. პარლამენტის წევრი საჯარო ურთიერთობებში საკუთარი ქცევით გამორჩეული და სამაგალითო უნდა იყოს საზოგადოებაში მაღალი ეთიკური ნორმების დანერგვის კუთხით”.

 

ამავე პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ამ ინტერესის შესახებ წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აცნობოს. პარლამენტის წევრს ეკრძალება თავისი ან თავისი პარტიის კამპანიისთვის ისეთი კონტრიბუციის ან საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე მოახდინოს გავლენა.

 

პარლამენტის წევრმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ღირებულებას აღემატება და ის ვალდებული ხდება, მოახდინოს იმ საჩუქრის და მომსახურების დეკლარირება საჩუქრების რეესტრში, რომლის საბაზრო ღირებულება 100 ლარს აღემატება.

 

”საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არც თუ იშვიათია პარლამენტარების მიერ ქცევის ნორმების დარღვევა. პარლამენტის წევრი წარმოადგენს საზოგადოებაში ყველაზე უფრო საჯარო პიროვნებას და მისი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს მაღალ ეთიკურ ნორმებს. დღემდე არსებული ერთეული მცდელობები პარლამენტარის ქცევის კოდექსის შესაქმნელად არ იყო ეფექტური, იგი არ იყო შემუშავებული თვით პარლამენტის წევრების მიერ, იყო დეკლარაციული ხასიათის, არ იყო სავალდებულო და არ იყო დადგენილი შესაბამისი სანქციები კოდექსის დარღვევისათვის”, – აცხადებენ ქცევის კოდექსის ავტორები.

 

პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტი პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება მომავალ პარლამენტს მოუწევს.

იტვირთბა....