ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის დღეს გავრცელებული ჩანაწერის ავტორი თავად არის, თუმცა არ იცის, ეს ჩანაწერი როგორ გასაჯაროვდა.
„ტვ პირველის“ ეთერში მამუკა ახვლედიანმა გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ იწერდა გვარამია მასთან საუბარს:
„არ ვიცოდი ჩანაწერი თუ კეთდებოდა. აღარ მახსოვს რა ვითარებაში იყო და არ ვიცი შესაბამისდ, ტექსტი სრულია თუ არა.
გვარამიას ბოდიში მაინც მოეხადა, რომ ფარულად იწერს. ნამდვილად არ ვიცოდი ჩაწერის თაობაზე. მე ვსაუბრობ იქ იმას, რასაც ვსაუბრობ ყოველდღიურად, სასამართლოს პრობლემებზე, იმას ვსაუბრობ ჩანაწერშიც.
ძალიან საინტერესოა ვის ინტერესში შედის წინასაარჩევნო პერიოდში პირადი საუბრების ოფიციალური ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გვარამიას რომ ოფიციალურად გაეკეთებინა, ამის თაობაზე მეც ინფორმირებული ვიქნებოდი. თავისი საუბარი თუ ჩაიწერა, ამის გასაჯაროვების მერე ბოდიში მაინც უნდა მოეხადა.
არასასიამოვნოა როცა ჩანაწერი შენი ნებართვის გარეშე ხდება. ჩემთან დაკავშირებით გვარამია უხერხულობას უნდა გრძნობდეს.
მხოლოდ ერთი ზარი მახსოვს, როცა ინტერვიუსთან დაკავშირებით დამიკავშირდა. ამიტომ ეს ჩანაწრი სატელეფონო არ არის.
დეტალურად ამ ტექსტს ვერ ვიხსენებ, ზოგადი საუბარია, რომელიც სასამართლო პრობლემას ეხება და ყველასთან ვსაუბრობ ამ თემაზე. ეს არ ნიშნავს ანგარიშის ჩაბარებას.
მე არ ვიყავი არცერთი საქმის განმხილველი მოსამართლე და არც მქონდა იმ მოსამართლეებთან შეხება, რომლებიც გვარამიას საქმეს იხილავდნენ, ამიტომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან პრობლემებზე საუბარი ბუნებრივია.
შესაძლებელია ვინმეს ეს ჩანაწერი შანტაჟისთვის უნდოდა, ან ფიქრობს რომ ვინმეს შეეშინდება, ვინმე უფრო მეტს იტყვის… არ ვიცი, ვის რა მიზნები აქვს, მეც მაინტერესებდა თავიდან ვინ გააკეთა ჩანაწერი და მოსამართლე ვინ ჩაწერა ფარულად… ვერ ვხდები ამ ჩანაწერს დანიშნულებას. მიზანი ალბათ ის იყო, რომ შემდეგში უარი არ მეთქვა ამ შინაარსზე, რასაც ვამბობ ჩანაწერში, ან ფიქრობდა, რომ რამე საინტერესოს ვიტყოდი…
მეც მაინტერესებს ვინ მოიგო ამ ჩანაწრის ატვირთვით“,-განაცხადა მამუკა ახლედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში დღეს ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სასამართლოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.