“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს პასუხობს. როგორც რულოვსმა განაცხადა, ის ძალიან წუხს ია მეტრეველის გამო, მაგრამ მას არ უნდა დააბრალონ სააკაშვილის მმართველობის დროს მომხდარი.
“იმ დროს როცა მიშა იყო პასუხისმგებელი, მაგრამ მას პირადად ჩემთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. ეს არის უბრალოდ ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო. ძალიან ვწუხვარ მის გამო, მაგრამ დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან კავშირში არ არის და მე არ უნდა დამაბრალონ, რომ მე სისხლში ვდგავარ,” – განაცხადა რულოვსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, დღეს სანდრა რულოვსი სენაკში მოსახლეობას შეხვდა, მასთან ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მივიდა და განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ მოუკლა ერთადერთი შვილი. როგორც ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას სურდა სანდრა რულოვსს მისთვის თვალებში ჩაეხედა.
“თქვენმა მეუღლემ დაგვიხოცა ჩვენ ერთადერთი შვილი 19 წლის, ჩემი უდანაშაულო. ასევე ამ ქალბატონის უდანაშაულო შვილის მამა. მაინტერესებს, თქვენ რას მეტყვით. აღარასდროს დახოცავთ? აღარ გააუპატიურებთ? აღარ გააუპატიურებთ ხალხს?”- მიმართა მეტრეველმა რულოვსს.