ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა დაუჯდა ბიუჯეტს “არჩევნები 2016’’?

“არჩევნები 2016’’ სახელმწიფო ბიუჯეტს 38 მილიონი ლარი დაუჯდება. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში სულ 25 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. გეგმიური ბიუჯეტი, რაც მერვე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ჯამში 38 მილიონ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 10 მილიონით აჭარბებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ბიუჯეტს. თუ წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისათვის გაწეულ ხარჯებს გადავხედავთ ვახავთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპერეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის 27 მილიონამდე ლარი გამოიყო, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის კი 38 მილიონი ლარია გათვალისიწნებული.

უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ 38 მილიონში არ შედის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის საჭირო დაფინანსება და ასევე საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდგომი საკონპენსაციო თანხები. როგორც “ბიზნესკონტაქტს’’ “ცესკოში” განუცხადეს, 31 მილიონი არჩევნების ღონისძიების ჩატარებაზე დაიხარჯება, საარჩევნო მოხელეთა გადამზადება/ტრენინგებზე 1 მილიონი ლარი, სატელევიზიო რეკლამისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯი კი 4 მილიონ ლარს შეადგენს.

2016 წლის არჩევნების პერიოდში მმართველი გუნდის საარჩევნო ბიუჯეტი, სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების, საწევროების, შემოწირულობებისა და სხვა შემოსავლების ჩათვლით 20 მილიონ ლარს სცდება. მხოლოდ სატელევიზიო რეკლამირებისთვის მმართველ გუნდს საბიუჯეტო სახსრებიდან 119 563,77 ლარი აქვს მიღებული.

წინა არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების მიხედვითაც ქართული ოცნება ლიდერობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების საარჩევნო ბიუჯეტი მილიონ 191 ათას 640 ლარით განისაზღვრა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ყველაზე მეტი დაფინანსება ქართულმა ოცნებამ მიიღო, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც მმართველ გუნდს სხვა საარჩევნო სუბიექტებზე მეტი დაფინანსება ჰქონდა.

რაც შეეხება შემოწირულობებს, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მაისიდან მოყოლებული აგვისტოს ჩათვლით ყველაზე მეტი შემომწირველი ქართულ ოცნებას ჰყავს. მეორე ადგილზეა სახელმწიფო ხალხისთვის. 4 თვის განმავლობაში ჯამში ქართულმა ოცნებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო. სახელმწიფო ხალხისთვის კი შემოწირულობის სახით მიღებული აქვს 2 მილიონ ლარზე მეტი. ჯამში ამ დროისთვის პოლიტიკურ პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 18 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღეს, თუმცა ეს მონაცემები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებულ შემოწირულობებს ჩამორჩება. ,,შემოწირულობები ძირითადად ფიზიკური პირების მხრიდან არის მიღებული. 2012-2013 წლებში შემოწირულობა იყო 708 მილიონი ლარის ფარგლებში, 2012 წელს კი პარტიებმა 30 მილიონამდე შემოწირულობა მიიღეს. 2016 წელს შემოწირულობები დაახლოებით 20 მილიონი ან მეტი იყოს”, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

წყარო: “ბიზნესკონტაქტი”

იტვირთბა....