პარიზში ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა დასრულდა. სხდომაზე იმსჯელეს საქართველოდან წარდგენილი ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები შესახებ, თუმცა კომიტეტის გადაწყვეტილებით, არცერთი კანდიდატურა არ დამტკიცდა.
კომიტეტი ამ საკითხის განხილვას 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს.
არ არის გამორიცხული კომიტეტმა თბილისის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში, მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი პირველად გაიწერა. საჯარო კოკურსის გამოცხადების შედეგად მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა.
47 კანდიდატიდან შეირჩა 13 პირი, რომლებმაც ჯერ ტესტირება გაიარა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი − გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.