ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრას აგრძელებს. ამ ეტაპზე ყოფილი პრემიერი შიდა ქართლის, კონკრეტულად კი, გორის წარმომადგენლებს ხვდება.
ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა იმ ფარული ჩანაწერის შესახებ, რომელშიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ს სხვა წევრების მიერ, ასევე სავარაუდო დესტაბილიზაციაზეა საუბარი:
„(ჩანაწერის) ავთენტურობას მნიშვნელობა არ აქვს, მათი ღია განცხადებები ნანახი გაქვთ და კონტექსტში ჯდება. მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს. ამიტომ მოსახლეობისთვის მოულოდნელი არ იყო ამ ჩანაწერის შინაარსი.
ალბათ, თვითონვე იტყვიან, რომ ჩანაწერი ავთენტურია, რადგან ამით რეკლამას იკეთებენ და სხვა რესურსი არ აქვთ. ამით იმაგრებენ ადგილს, რადგან ძალადობით იყვნენ ადრეც ცნობილნი. იქნებ მოხდეს საოცრება და მათი მშიშარა ლიდერი გმირი გახდეს – ამით იმაგრებენ თავს. სხვათაშორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მშიშრები არიან. ძალადობას მშიშრები მიმართავენ – ეს ცნობილია.
ვფიქრობ რომ ეს ჩანაწერი მათივე გავრცელებულია, რადგან ფიქრობენ ამით თანამოაზრეებს იქნებ იმედი გაუჩინონ. ერთმანეთს უყურებენ. მხოლოდ უნდა ვიხუმროთ ამაზე და მეტი არაფერი – ისეთი აბსურდული ინფორმაციები გამოდის.“ -განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნოდ კარგი გარემოა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია საჭირო იყო ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად.