თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ძალაში დატოვა, – გადაწყვეტილება ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
როგორც აღნიშნული საქმის მოსამართლემ განმარტა, მამუკა ახვლედიანი გადააყენეს თავმჯდომარის თანამდებობიდან და არა მოსამართლის თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, საბჭოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს ბათილად ცნობილი.
მამუკა ახვლედიანის ადვოკატის თქმით, მასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, გასაჩივრდება თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
”სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იყო ამ შემთხვევაში გამოყენებული ყოფილიყო სადისციპლინო წარმოების წესი. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, უფრო კარგად გავიგებთ იმ არგუმენტებს და საფუძვლებს რაც სასამართლომ მოიყვანა გადაწყვეტილების დასაბუთების დროს და შესაბამისად, უფრო კარგად გვეცოდინება რას დაეყრდნო სასამართლო. ის საფუძვლები რომელიც სასამართლომ განმარტების სახით, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოგვცა საკმარისი არაა”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანის ინტერესების დამცველმა თეო ზაქარაშვილმა.