„ვაშაძის პარტიაში ბურჭულაძის დატოვებაზე საუბარი არ მიდის“
პაატა ბურჭულაძემ „გირჩს“ პარტია დაატოვებინა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის პარტია, „ახალი საქართველოც“ აპირებს ბურჭულაძის დატოვებას. რა ხდება ბლოკში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშაძე, „მეტრონომს“ „ახალი საქართველოს“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრა:
„მეტრონომი“: თუ არის უკვე ცნობილი, ვაშაძის პარტია დატოვებს ბურჭულაძეს?
ლევან ხაბეიშვილი: ამ წუთებში მიმდინარეობს კონსულტაციები. რაც ეხება ბლოკს, კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტლების მიღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომ ორი პოლიტიკური სუბიექტი, პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე და მათი გუნდების წევრები ამ წუთებში კონსულტაციებს მართავენ. საღამოს საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება.
საერთოდ არ განიხილება თემა, რომ ვინმე ფიქრობს პარტიიდან გასვლაზე. უბრალოდ კონსულტაციები მიდის, რადგან ჩვენც გუშინ გავიგეთ ეს ყველაფერი და ფაქტობრივად შოკი იყო. გუშინ საღამოს შეხვედრა ვეღარ მოხერხდა და დღეს დაიგეგმა. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი პარტიის გადაწყვეტლება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება, ეს გადაწყვეტილება მიიღება იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოწვებები და საჭიროებები დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.
– რა შემთხვევაში დატოვებს ვაშაძის პარტია ბურჭულაძეს?
– რამე მიუღებელი რომ იყოს, ამაზე ვისაუბრებდით, ამიტომ ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ამგვარი არაფერია.
– უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება განგვიმარტოთ, რა სახის კონსულტაციებს გადიხართ?
– გუშინ გავიგეთ რომ „გირჩს“ დაატოვებინეს პარტია. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა? ტექნიკური დეტალებიც ხომ შესათანხმებელია? სიის შემადგენლობა, იქ „გირჩის“ მაჟორიტარები არ იქნებიან და ა.შ. სიის საკითხებზე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კანონმდებლობით რეგულირდება-ვინც ამოვარდება, მას შემდეგი ანაცვლებს. ახლის ჩამატება არ ხდება.
– შესაბამისად სიის ათეულის დიდი ნაწილი შეიძლება ვაშაძის პარტიამ დაიკავოს?
– სიის პირველ ათეულში ისედაც ვიყავით. ჩვეულებრივი მათემატიკაა ვის მეტი წილი ჰქონდა. ეს ტექნიკური დეტალებია გასავლელი.
– „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ მათ პარტიის დაფინანსება მოსთხოვა და იგივე მოთხოვნა ვაშაძის პარტიას წაუყენა. რას გვეტყვით?
– ეს მართლა ბოდვაა. როცა პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან, ბიუჯეტის გაერთიანებაც ხდება. სხვა შემთხვევაა, რომ ვინმე ვინმეს აშანტაჟებდეს, რა თქმა უნდა, ჭორი და ბოდვაა. თუ „გირჩის“ წევრი ამაზე საუბრობს, ეს სიცურეა, არავის არაფერი მოუთხოვია.
– ბურჭულაძის მიერ გაჟღერებული ბრალდება, რომ „გირჩი“ ივანიშვილისგან ფინანსდებოდა, თქვენთვის ახალი ინფორმაცია იყო?
– ეს ჭორი დადიოდა, მაგრამ ფაქტების გარეშე არ ვისაუბრებ. უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში სხვა საკითხია, ვიდრე „გირჩის“ დაფინანსება. თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი არის, პაატა ბურჭულაძემ უკეთ იცის. არ მაქვს იმის საფუძველი რომ ეჭვი შევიტანო მის ნათქვამში.
მანა ნოდია