ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება, – მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს. კლინიკის ბაზაზე ასევე ამოქმედდა პედიატრიული განყოფილება , ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით.

მთავრობის მეთაურმა, კლინიკის ხელმძღვანელ, პროფესორ გოჩა ინგოროყვასთან ერთად, კლინიკა დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია იმ თანამედროვე აპარატურის შესაძლებლობების შესახებ, რომლითაც ცენტრი აღიჭურვა.

„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ვნახეთ თანამედროვე აპარატურა, რომელიც ბოლო სიტყვაა ამ მიმართულებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ასეთი დონის აპარატურის შეძენა. ისრაელთან ერთად, მიმდინარეობს ექიმთა გადამზადების ერთობლივი პროგრამები და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. ყველა შესაბამისი პირობა ამ კლინიკაში შექმნილია, რაც ძალიან მისასალმებელია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევდა პაციენტების უცხოეთში გაგზავნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ მოგვიწევს გაგზავნა და ოპერაციები შესრულდება ქართველი მედიკოსების მიერ, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია ქართულ მედიცინაში გაგრძელდება და, თანდათან, მეტი სახეობის დაავადების საქართველოში განკურნება იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის პროფესორებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და მათ ახალი ცენტრის გახსნა მიულოცეს.

„მოხარული ვარ, რომ კვალიფიკაციის მიმართულებითაც გაწეულია დიდი ძალისხმევა და ეს ყველაფერი, სერიოზულ შედეგს მოგვცემს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნამდვილად დიდი ნაბიჯი იყო და თავიდან აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა, დავით სერგეენკომ, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. მომავალში, ალბათ ბევრი რამ დასახვეწი იქნება და ჩვენ ერთად განვაგრძობთ ამ პროგრამის გაუმჯობესებას. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ასეთი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა“, – განაცხადა პრემიერმა მედიკოსებთან შეხვედრისას.

იტვირთბა....