„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერ მამუკა კაციტაძესთან
პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ახალ მემარჯვენეებმა” მხოლოდ ფორმალურად დატოვეს”, – ეს განცხადება “მეტრონომთან” საუბარში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გააკეთა. კაციტაძე ბლოკის დატოვებას ტაქტიკური მოსაზრებებით ხსნის და აცხადებს, რომ “ახალი მემარჯვენეები” და პაატა ბურჭულაძის გარშემო გაერთიანებული პარტიები საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლას ერთობლივად გააგრძელებენ.
საარჩევნო ბლოკის პერსპექტივებზე, შესაძლო დესტაბილიზაციასა და უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებზე, “მეტრონომი” მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.
“მეტრონომი”: ვრცელდება ინფორმაცია, რომ საარჩევნო ბლოკი დატოვეთ?
მამუკა კაციტაძე: ეს ჭორია. თავიდანვე იყო გამიზნული, რომ ბლოკი ფორმალურად ორი სუბიექტისგან უნდა შემდგარიყო. იმიტომ, რომ ჩვენ მიგვეღო საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილი. ანუ ცესკო და ქვედა დონეებზე გვქონოდა ადგილი, რაც განისაზღვრება პარტიაზე მიღებული დაფინანსებით. რაც მეტად გაიყოფა დაფინანსება მით ნაკლებია შანსი, რომ მივიღოთ ცესკოში წევრი. სწორედ ამიტომ თავიდანვე “გირჩი” ოფიციალურად არ დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც ბლოკის სუბიექტი. ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. მე ისევ სიაში ვარ, ისევ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. მანანა ნაჭყებიაც ისევ სიაშია. ჩვენი შტაბები ისევ ოთხპარტიულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენი დაშლა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია.
– შესაძლო დესტაბილიზაციაზეც მინდა გკითხოთ… მმართველი ძალა გვარწმუნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არეულობას გეგმავს. თავის მხრივ ყოფილი ხელისუფლება აცხადებს, რომ მშვიდობიან არჩევნებში აპირებენ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ გეგმებზე მუშაობდეს, რომელთა მთავარი მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობა იქნება?
– მარტივად გეტყვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი ოცნება, რომ დესტაბილიზაციით შეცვალოს ხელისუფლება, უბრალოდ მათ ამის თავი არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ შემჩნეულია რევოლუციური გზით პროცესების განვითარებაში ახლო წარსულშიც. ამის სურვილი მას დღესაც აქვს. უბრალოდ მას ძალა არ შესწევს ამისთვის.
– რას სახის რესურსზე საუბრობთ ფინანსური, ადამიანური…
– პირველ რიგიში ეს არის მათი უნარი, მეორე კი საზოგადოების განწყობა. რევოლუციურ განწყობას ისე ვერ შექმნი, თუ ის თავისთავად არ მომწიფდა და თავისთავად არ შეიქმნა. ამას არც ფინანსები უშველის და არც 200 კაცის მობილიზება, რასაც ოდესიდან ტვინგაცხელებული კაცი ელემენტარულად ვერ გააკეთებს და აქედან გამომდინარე, ამის საფრთხე ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს და ჩემთვის და ბლოკისთვისაც ეს თემა არ არსებობს, მაგრამ ჩნდება კითხვა რატომ აკეთებს „ქართული ოცნება“ ამ თემის აჟიტირებას?! იმისთვის, რომ საზოგადოებაში, ამომრჩეველში დათესოს შიში და შემდეგ ეს დაშინებული ხალხი სათავისოდ მიიმხროს.
„ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს, რომ თავის შესაძლებლობებზე საზოგადოებას დიდი წარმოდგენა შეექმნას და „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს მტრის ხატი შექმნას. ამიტომ, ეს თემა შემოგდებულია და იმ ორპოლუსიანი პოლიტიკის გეგმაა, რომელიც ოთხი წელია ქვეყანას მართავს. ხან კოჰაბიტაციას არქმევენ, ხან ვითომ ჩხუბობენ. სინამდვილეში, ივანიშვილ-სააკაშვილის „ტვიქსი“ არსებობს. ეს „ტვიქსი“ ამ არჩევნებზე აუცილებლად დაინგრევა. შუა არ გაკრეფილა, შუა მოსაკრეფია“.
– დღევანდელ აუდიოჩანაწერზე მინდა გკითხოთ, რომლის ავთენტურობასაც მასში მონაწილე პირები არ ადასტურებენ. თქვენც იზიარებთ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნაცვლად იმისა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები შეასრულოს, პოლიტოპენენტებს უსმენს და შემდეგ ამ ჩანაწერებს ინტერნეტში ათავსებს?
– ვისი ხელი ურევია ამ ჩანაწერების გამოქვეყნებაში მეორეხარისხოვანია. აქ უნდა ვისაუბროთ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჩანაწერების გავრცელებაზე. ხომ დარწმუნდა ყველა, რომ ისევ გვისმენენ! ეს არის ფაქტი. გავრცელების შემდეგ პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. თუ შენ არ მოგისმენია, მაშინ როგორც ხელისუფლებას, აუცილებლად გაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ დაადგინო და განაცხადო ვინც გააკეთა და მათ პასუხი მოსთხოვო, მაგრამ როდესაც შენ ამ ჩანაწერის შინაარსზე აპელირებ და არა ფაქტზე, როგორც ჩანაწერზე, ბუნებრვია, პასუხისმგებლობის ყველა ისარი შენსკენ მოდის.
– თქვენ ალტერნატიულ ძალაზე საუბრობდით. ფაქტია, ძირითადი პოლიტიკური „აქტორები“ (NDI-ის კვლევებს ვგულისხმობ) არ განიხილავენ სხვა მესამე ძალას, რომელიც ელექტორატის გარკვეული ნაწილის მობილიზებას შეძლებს. როგორ ფიქრობთ არ არის ამის მიზეზი?
– მათ არ აწყობთ რომ განიხილონ სხვა ძალა, თორემ ეს ძალა პაატა ბურჭულაძის ბლოკის სახით უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ „ნაციონალები“ ივანიშვილის პროექტს გვეძახიან, „ქართული ოცნება“ სააკაშვილის სატელიტს. ეს შიშმა იცის. ამ შიშმა მოაფიქრებინათ ამ „ფორმულის“ გაკეთება. გასაგებია, რომ ისინი არ განიხილავენ მესამე ძალას. მთავარია, რას განიხილავს ხალხი. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, როდესაც მოსახლეობის 30% ამბობს, რომ ჩამოუყალიბებელია, რომლებსაც ივანიშვილი მავნებლებს ეძახის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პირველი, ამ ხალხს არ სჯერა არსებული ხელისუფლების და მეორე, არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ყოფილი ხელისუფლების მობრუნება. მეტი ახსნა ამას არ აქვს.
მარიამ ვარადაშვილი